ფეხბურთი

16:29 | 6.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე: “გერმანიის ნაკრები იდეალურთან ახლოსაა”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ინტერნეტპორტალ fratria.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვის “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელი მურატ იაკინი მისგან პირველ ყოვლისა მეტ სიმწვავეს თხოვს.

- რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნდით, მაგრამ არც მალტასთან და არც გერმანიასთიან გითამაშიათ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრავმა გაწუხებდათ...

- ჯერ კიდევ “ტორპედოსთან” მატჩის ბოლოს ბარძაყის კუნთი ამტკივდა. ნაკრების პირველ ვარჯიშზეც კუნთში დისკომფორტს ვგრძნობდი, რაც ექიმებს ვუთხარი. სამედიცინო შემოწმება გავიარე, რომელმაც აჩვენა, რომ კუნთის მცირე სპაზმი მქონდა, სახიფათო არაფერი. ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს ვესაუბრე, რომელმაც გადაწყვიტა არ გაერისკა, რათა ტრავმა არ გამრთულებოდა. ის თავად ფეხბურთელი იყო და სიტუაციას გაგებით მოეკიდა. “სპარტაკში” სრულებით ჯანმრთელი დავბრუნდი.

- ნანობთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონებთან თამაში არ მოგიწიათ?

- რა თქმა უნდა, გერმანიასთან მოედანზე გასვლა ძალიან მსურდა. ვფიქრობ, მსოფლიოს ჩემპიონთან თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. თუმცა, გულშემატკივრობა ტრიბუნიდან მომიწია. არა უშავს, იმედია მათ წინააღმდეგ გერმანიაში ვითამაშებ.

- თქვენი აზრით, გერმანიის ნაკრები იდეალურია? მისი ყველაზე ძლიერი მხარე რაა?

- ვფიქრობ, გუნდი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ბრაზილია 7:1 დაამარცხა, იდეალურთან ახლოსაა. დღესდღეობით, გერმანიის ნაკრები ყველაზე ძლიერია. ყველა მოთამაშე უმაღლესი დონისაა და ტოპ-კლუბებში თამაშობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გუნდი შეთამაშებულია და ფეხბურთელები ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ. გერმანიის ნაკრები რამდენიმე წელი ყალიბდებოდა და ახლა როგორც აწყობილი მექანიზმი მუშაობს.

- ამის მიუხედავად, “ბარსელონას” გულშემატკივარი ხართ, რომლის თამაში ბურთის დიდი ხნით კონტროლზეა ორიენტირებული?

- დიახ, მაგრამ გერმანიის ნაკრებიც გადაცემებს ხშირად აკეთებს და წინა ხაზში ბურთს იჭერს. გასაგებია, რომ ფეხბურთი შეიცვალა და მთელი მატჩი “ტიკი-ტაკას” თამაში რთულია. გიოტცე, როისი და ოზილი ძალიან ტექნიკურები არიან. თუმცა, “ბარსა” მაინც ცდილობს, რომ მეტოქე უბურთოდ არბენინოს, ხოლო ბურთის დაკარგვის შემთხვევაში მაშინვე პრესინგს მიმართავს.

- ზამთრის შეკრების შემდეგ, მოედანზე რეგულარულად გადიოდით, მათ შორის “დინამოსთან” ძალიან მნიშვნელოვან მატჩში ითამაშეთ. მწვრთნელის ნდობას გრძნობთ?

- გასაგებია, რომ აქ ძალაუნებურად გახსენდება ისტორია, როდესაც დუბლში აღმოვჩნდი, მაგრამ ის წარსულს ჩაბარდა. გუნდსა და მწვრთნელს მოვუბოდიშე და მხარდაჭერისთვის მათი მადლობელი ვარ. შეკრებაზე თავის გამოჩენას ვცდილობდი და ვგრძნობდი, რომ სეზონის განახლებას კარგ სათამაშო ფორმაში შევხვდებოდი. თამაში ძალიან მსურდა და სეზონის დაწყებამდე “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელი მურატ იაკინი პირადად მესაუბრა. მკითხა თუ შევძლებდი ოფიციალურ მატჩებში იგივე თავდადებით მეთამაშა, როგორც შეკრებაზე. ვუპასუხე, რომ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ და შევეცდები მატჩიდან მატჩამდე მოვუმატო. “სპარტაკში” 7 წელია ვარ და მსურს მჯეროდეს, რომ ახლა თავის გამოჩენის დრო დადგა.

- შეკრებაზე დატვირთვებს როგორ გაუძელით? ბევრი ფეხბურთელი აღიარებდა, რომ კარიერის განმავლობაში ყველაზე ინტენსიური შეკრება გაიარეს.

- რა თქმა უნდა, ბევრი ვირბინეთ, მაგრამ ბურთითაც ბევრი ვიმუშავეთ. ზოგიერთი კლუბის ნაცნობმა ფეხბურთელებმა მითხრეს, რომ ბურთით გაცილებით მეტი ირბინეს. მაგალითად, 6-ჯერ თითო კოლომეტრი მაქსიმალურ სისწრაფეზე და ა.შ. მართალია, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდით, მაგრამ არც სათამაშო ვარჯიშები გვავიწყდებოდა. დატვირთვები ნორმალურად გადავიტანეთ. მსგავსი რამ არ ყოფილა, რომ გამეღვიძა და ვარჯიშის სურვილი არ მქონოდა. ვგრძნობ, რომ კარგად მოვემზადე და სათანადო სათამაშო ფორმაში ვარ.

- შარშან რამდენიმე თამაში “სპარტაკის” დუბლშემადგენლობაში ჩაატარეთ. ვლადიმერ ბესჩასტნიხის ხელმძღვანელობით მუშაობა საინტერესო იყო? “სპარტაკის” აკადემიის აღზრდილებში პროგრესს როგორ აფასებთ?

- მინდა ვთქვა, რომ დუბლშემადგენლობაში სერიოზული ბიჭები იზრდებიან. იგივე გიორგი მელქაძემ გარკვეულ დონეზე თავი გამოჩინა და “სპარტაკი 2”-ში მიიწვიეს, რაც პროგრესია. მის გარდა სხვა ფეხბურთელებიც არიან. ბესჩასტნიხთან მუშაობა საინტერესო იყო.

- გასული სეზონი “როსტოვში” იჯარით გაატარეთ და როგორც ფეხბურთელს ამან ბევრი შეგძინათ?

- რა თქმა უნდა. მთავარია, რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდა. ყოველთვის სათამაშო ფორმასა და ტონუსში ვიყავი. მართალი გითხრათ არ მეგონა, რომ ის სეზონი ჩემთვის ასეთი წარმატებული იქნებოდა. გარდა იმისა, რომ მუდმივად ვთამაშობდი, რუსეთის თასი მოვიგე. ამიტომ, “როსტოვში” იჯარამ ბევრი რამ შემძინა. იქიდან უფრო მომძლავრებული და თავდაჯერებული დავბრუნდი.

- თქვენი ოჯახური ცხოვრება როგორ მიდის? მამის მოვალეობას თავს ართმევთ? ცოლს ეხმარებით?

- ოჯახური ცხოვრება კარგად მიდის. ჩემს მეუღლე მარის ვცდილობ ყველაფერში დავეხმარო. ის ჩვენს გოგონასთან ერთად მოსკოვში უკვე გადმოვიდა, რაც მახარებს.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? მოსკოვში საყვარელი ადგილები გაქვთ?

- მთელ თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ვატარებ. ვარჯიშიდან სახლში დაღლილი რომ მივდივარ, ჩემს გოგონას ვეთამაშები. პრინციპში, მოსკოვში 7 წელია ვარ და აქ ყველაფერი ვიცი. ცოლი ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და ამიტომ, ვცდილობ საინტერესო ადგილები ვაჩვენო. წითელ მოედანზე, ტრეტიაკოვის გალერეაში, ზოოპარკში ვიყავით. ბევრს ვსეირნობთ. საყვარელი ადგილებიდან კარგი ქართული რესტორნები შემიძლია გამოვარჩიო. იქ ადრე უფრო დავდიოდი, მაგრამ ცოლი რომ ჩამოვიდა, ჩემი ქართული რესტორანი სახლში მაქვს.

- ბოლო მატჩებში მურატ იაკინი შეტევაში აქცენტს პრომესი – დავიდოვი – ჯანოს ტრიოზე აკეთებდა. პარტნიორებს კარგად უგებთ?

- ჩვენ შეთამაშებას ვარჯიშებზე ვცდილობთ. მუდმივათ ვკონტაქტობთ. ვცდილობთ ერთი და იმავე “კვადრატში” შევიდეთ. გვესმის ვინ სად გარბის და როგორ “იხსნება”. ამიტომ, მოედანზე ერთმანეთის პოზიციების შეცვლა შეგვიძლია. საერთო ენა გამოვძებნეთ.

- შეტევაში თქვენი სამეული გარკვეულ პოზიციებზეა “მიბმული” თუ თავისუფლად მოქმედებთ?

- “მიბმული” არ ვართ. მურატ იაკინს სურს, რომ მოედანზე კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. პოზიციების შეცვლა შეგვიძლია. ისე არაა, რომ თამაში მარცხნიდან დავიწყო და ამავე პოზიციაზე დავასრულო.

- მურატ იაკინი კონკრეტულად რას გთხოვთ?

- პირველ ყოვლისა სიმწვავეს. ეს ნიშნავს, რომ ბურთის მიღების მერე მეტოქის კარისკენ უნდა დავიძრათ და შეტევა გავაგრძელო. ასევე, იაკინი გვეუბნება, რომ ინიციატივის ჩვენ თავზე აღება შეგვიძლია და ერთი-ერთზე მეტოქის “მოტყუება” უნდა ვეცადოთ. თუმცა, ამასთანავე დაცვაში მუშაობაც საჭიროა. მაგალითად, “როსტოვში” შემეძლო “ჩემს” მოთამაშეს არ გამოვკიდებოდი, რადგან გაცკანი მაზღვევდა, ხოლო “სპარტაკში” მეტოქისთვის ბურთის ართმევაზე ინტენსიურად ვმუშაობ.

- კარგ დარტყმას ფლობთ, რაც მოსკოვის “დინამოსთან” მატჩშიც გამოავლინეთ. პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში კარში დარტყმას ცდილობთ?

- კარში თუ არ დაარტყამ, ვერ გაიტან. ადრე, კარში მართლაც იშვიათად ვურტყამდი, რაც შემტევისთვის საშინელებაა. ახლა, როდესაც კარგი შანსი მექნება, დარტყმას შევეცდები. მითუმეტეს, რომ თანამედროვე ბურთები კარგად მიფრინავენ.

0.109053