იტალიური პრესის ცნობით, ზაფხულში ესპანელ სპეციალისტს რაფალ ბენიტესს “ნაპოლისთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა ეწურება და ის კლუბს დატოვებს.
ბოლო დროს არც ბენიტესი და არც კლუბის წარმომადგენლები 54 წლის ესპანელის მომავალთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს პასუხს არ სცემენ. ნეაპოლიტანური გაზეთი Il Mattino წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისმა მიიღო გადაწყვეტილება და ის მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.
“ნაპოლის” პრეზიდენტი გუნდის მიერ სერია ა-ს ბოლო მატჩებში ნაჩვენებით შედეგებით (5 თამაში მოგების გარეშე) უკმაყოფილოა. “რომასთან” მარცხის შემდეგ (0:1) გუნდი სატურნირო ცხრილში მეექვსე საფეხურამდე დაეშვა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი მნიშვნელოვნად შეუმცირდა.
სულ რაღაც ერთი კვირის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ნაპოლი” ბენიტესს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობდა, მაგრამ ესპანელმა ის გარკვეული მიზეზების გამო უარყო.
ერთადერთი, რამაც შეიძლება არსებული სიტუაცია შეცვალოს, ეს ევროპის ლიგაზე წარმატებული გამოსვლაა.