ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის განახლებულ რეიტინგში 137-ე ადგილზე გადაინაცვლა (43 პოზიციით დაწინაურდა), რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა რაანანას 125-ათასიანი ტურნირის მოგების წყალობით, 110 ქულა შეიმატა და ახლა, მის აქტივში 390 ქულაა.
“პირველ რიგში, ყველას მინდა მოგილოცოთ ბზობა. დიდ მადლობას გიხდით გვერდში დგომისათვის და გულშემატკივრობისათვის. ძალიან მიხარია, რომ ჩოგბურთს საქართველოში ამდენი გულშემატკივარი ჰყავს. შემდეგ ტურნირს ვთამაშობ იტალიურ ნეაპოლში”, - ასე გამოეხმაურა ბასილაშვილი თავის წარმატებას ფეისბუქის გვერდზე.
ნეაპოლში ასევე 125-ათასიანი ტურნირი იმართება და საქართველოს პირველი ჩოგანი პირდაპირ ძირითად ბადეში გახლავთ დაშვებული. საწყის რაუნდში ნიკოლოზის მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული იქნება. წყვილთა შეჯიბრში ბასილაშვილი და ბელარუსი ალექსანდერ ბური მე-2 ნომრად განთესილ ჩინელ მაო-ქსინს და ტაივანელ ჰსიე-იინ პენგს გაეჯიბრებიან.
ქალთა შორის ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კვლავაც სოფო შაფათავას აქვს, რომელიც 204 ქულით 227-ე საფეხურზეა. მან 8 პოზიციით უკან დაიხია. 43-ადგილიანი წინსვლა განიცადა მარიამ ბოლქვაძემ, რომელმაც შარმ ელ შეიხში 10-ათასიანი ტურნირი მოიგო.
227 (219). სოფო შაფათავა – 204 ქულა; 327 (327). ეკატერინე გორგოძე – 110; 399 (401). სოფო ქვაცაბაია – 80; 572 (520). ოქსანა კალაშნიკოვა – 36; 659 (702). მარიამ ბოლქვაძე – 27; 855 (858). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 14; 1107 (1117). თამარ კუტუბიძე – 5; 1204 (1211). თამარ ჭალაგანიძე – 3;
მიმდინარე კვირაში შაფათავა კოლუმბიის ქალქ მედელინში იმყოფება და 50-ათასიან ტურნირში ჩაებმება. ძირითად ბადეში სოფოს მეტოქე საკვალიფიკაციო რაუნდის ერთ-ერთი გამარჯვებული იქნება. წყვილებში შაფათავა და რუსი მარინა მელნიკოვა პარაგვაელებს – სეპედე როიგსა და გონსალესს ეთამაშებიან.
შვეიცარიული კიაზოს 25-ათასიან ტურნირში იღებენ მონაწილეობას სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე. ქვაცაბაია კვალიფიკაციაში ჩაება და უკვე მოასწრო იტალიელი ჯიადა კლერიკის დამარცხება (4:6, 6:3, 6:2), დასკვნით რაუნდში კი ჩეხ ჯესიკა მალეცკოვას გაეჯიბრება. რაც შეეხება გორგოძეს, ის პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული.