კალათბურთი

23:41 | 5.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მწვრთნელები, მენეჯერი და ექიმი სტაჟირებაზე უცხოეთში გაემგზავრნენ

დღეს, სტამბოლში, ცნობილ კლუბ „ფენერბაჰჩეში" კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე გაემგზავრნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და კლუბ „ბათუმის" მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი და ასაკობრივი ნაკრებების მენეჯერი გიორგი ბუცხრიკიძე.

სტამბოლში მათ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და კლუბ „შსს-აკადემიას" მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში, ასევე ნაკრებისა და აღნიშნული კლუბის ექიმი თემურ ხვედელიძე შეუერთდებიან. ტუღუშმა და ხვედელიძემ 1-5 აპრილს სტაჟირება გერმანიაში, კლუბ „ბაიერნში" გაიარეს.

აღნიშნული პროექტი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის რეკომენდაციითა და ხელშეწყობით ხორციელდება. კოკოშკოვმა ფედერაციას საქართველოს ნაკრებების მწვრთნელ-მენეჯერებისთვის აღნიშნულ კლუბებში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე მივლინება შესთავაზა და ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა.

გერმანიასა და თურქეთში სტაჟირებაზე გასამგზავრებელი წინადადება თავდაპირველად ეროვნული ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა პაატა ლობჟანიძემაც მიიღო, თუმცა მან წასვლა ვერ მოახერხა და ქართველების დელეგაციაში ცვლილებები მოხდა. გერმანიაში ჩასვლა ვერ მოახერხა გიორგი ბუცხრიკიძემ, რომელიც გოგონათა ნაკრებთან ერთად ლატვიაში იმყოფებოდა და კოტე ტუღუშსა და თემურ ხვედელიძეს უსტიაშვილთან ერთად სტამბოლში დღეს შეუერთდება. ქართველები „ფენერბაჰჩეში" სტაჟირებაზე 11 აპრილამდე დარჩებიან.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კლუბებში სახელოვანი სერბი სპეციალისტები – ჟელკო ობრადოვიჩი (ფენერბაჰჩე) და სვეტისლავ პეშიჩი (ბაიერნი) მუშაობენ, რომლებთანაც იგორ კოკოშკოვს მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები აკავშირებს.

www.gbf.ge

0.144509