“სტოკ სიტისთან” 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ესპანეთის ეროვნული ფორვარდ დიეგო კოშტას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
ბრაზილიური წარმოშობის 26 წლის ფეხბურთელი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო, მაგრამ 11 წუთის შემდეგ მოედნის დატოვება მოუწია. შეგახსენებთ, რომ სანაკრებო თამაშები დიეგო კოშტამ მუხლის მყესის ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ მოურინიომ “სტოკთან” მატჩისთვის ის განაცხადში მაინც შეიყვანა.
“ყველა ტესტი და გამოკვლევა ჩავატარეთ. ვარჯიშებზე კოშტა ორი დღის განმავლობაში საერთო ჯგუფთან ერთად, მთელი 100 პროცენტით იხარჯებოდა. სამედიცინო შტაბი და თავად ფეხბურთელი დარწმუნებული იყვნენ, რომ ის მზად იყო - არა მთელი 90 წუთის სათამაშოდ, მაგრამ შეეძლო მოედანზე გასვლა და გუნდის დახმარება. როგორც მწვრთნელს, ხანდახან გარისკვა მიწევს და ამიტომ, ვინ ვათამაშო და ვინ არა, სამედიცინო შტაბმა უნდა გადაწყვიტოს.
ის ექიმები, რომლებიც მუდამ თავს იზღვევენ, ჩემთან ვერ იმუშავებენ. სამედიცინო შტაბი, რომელიც მეტყვის, რომ ორი-სამკვირიანი ტრავმის მოსარჩენად ერთი თვეა საჭირო, ჩემთან ვერ იქნება. დღეს უსიამოვნო ფაქტი მოხდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ესაა ფეხბურთი. ახლა რთულია იმის თქმა, რა დრო გაუცდება კოშტას. ის უნდა დაბრუნდეს სახლში, გავიდეს 48 საათი და მერე გაიაროს კიდევ ერთი შემოწმება. რამდენიმე კვირას ის ნამდვილად გამოტოვებს. სეზონის დასრულებამდე კიდევ 7-8 კვირაა და დარწმუნებული ვარ, მის ნახევარს მაინც კოშტა მოედანზე გაატარებს” - განაცხადა მოურინიომ.