რაგბი

10:20 | 5.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნატო, ეკა და ქართული რაგბი

საქართველოში დაბადება უკვე ბევრ რამეს ნიშნავს. ამ ქვეყანაში გაჩენისთანავე ყველანი იმდენი უცნაური და უსამართლო რამისთვის ვართ განწირული, მეეჭვება სხვაგან სადმე იყოს ამდენი საფიქრალი და სათავცემო ამბები.

არადა, ისიც ხომ კარგად ვიცით, რომ თავისით აქამდე ჯერ არაფერი გაკეთებულა და არც გაკეთდება.

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების ბიჭები რითი არიან ნაკლები სხვა თანატოლებზე? რა თქმა უნდა, არაფრით. პირიქით – როგორც აღმოჩნდა, ბევრზე კარგად შეუძლიათ რაგბის თამაში და საქმეში გულისა და ჯიგრის ჩადება. მაგრამ ამით რა? არც არაფერი! უბრალოდ სადღაც უცნაურად მოწყობილმა ტვინებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოს დიდ სარაგბო ექვს ერში არაფერი ესაქმება და რაც არ უნდა ქნა, რომელ ასაკობრივ დონეზეც არ უნდა იყოს, მაინც პოულობენ იმის მიზეზს, რომ სულხან საბასავით ღიმილიანი უარით გამოგვისტუმრონ – სხვა დროს გამოიარეთ, გენაცვალეთო.

უსამართლობაზე შემთხვევით არ გამისვამს ხაზი. როდესაც ბიჭი ყველაფერს რაგბიში დებს, ამარცხებს დიდი ექვსი ერის ორ გუნდს, გადის ევროპის პრესტიჟული ტურნირის ფინალში და მაინც ხედავს, რომ მისი ოფლისდენა და მონდომება იქ “ზემოთ” ბევრს მაინც არაფრად უღირს, რთულია, მის იმედგაცრუებას რაიმენაირად “უმკურნალო” რადგან მარტო საკუთრივ პატარა მორაგბეები კი არა, ყველანი ვხედავთ, რიომ პატარა ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტებსა და გაერო-ევროკავშირის დასკვნებში სხვებთან თანასწორუფლებიანად ითვლება, საქმე-საქმეზე როცა დგება, მაინც პატარა ქვეყანაა და მისი ჩივილი და დარდები მაპატიეთ და ძლიერებს სულ ფეხზე ჰკიდიათ.

მიუხედავად მასპინძელ ფრანგებთან წაგებული ფინალური შეხვედრისა, ქართველ ქომაგებს ალბათ იოტისოდენადაც კი არ დაუკარგავთ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შესანიშნავი ბიჭების პატივისცემა და სიყვარული. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართულიო რაგბი უკვე დიდი ხანია მზადაა წინ წასასვლელად და მისი ადგილი რანგით მეორე სარაგბო ლიგაში უბრალოდ არ არის. ამ ჭეშმარიტებას ბევრი ევროპელი ქომაგიც აღნიშნავს და ყველა თვალნათლივ ვხედავთ, რომ ქართული რაგბის ასე დაჩაგვრა უკვე აღარ შეიძლება.

ერთადერთი, მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი, თუ რატომაც ჯიუტად არ გვიშვებენ “ზემოთ”, არის ის, რომ საქართველო გაჭირვებული და უფულო ქვეყანაა, რომელიც ფინანსურად პრაქტიკულად ვერაფერს შემატებს მსოფლიო რაგბის, განსხვავებით იტალიისა და შოტლანდიისაგან. ამას პირდაპირ რა თქმა უნდა არავინ იტყვის, მაგრამ როდესაც მსოფლიო თასი იწყება და ამ უმთავრეს ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებული საგულშემატკივრო დელეგაცია საქართველდოან ჩადის (მარტივი მიზეზის გამო - საქართველოში ბევრს არა აქვს იმის ფინანსური ფუფუნება, რომ უცხოეთში ჩემპონატებზე იაროს) ტურნირის ორგანიზატორები და მსოფლიო რაგბის ბოსები ჩვენგან ფინანსურ ხეირს ვერ ნახულობენ. ღარიბი და დიდგულა ქართველები კი საფერებლად არავის სჭირდება.

ვცდილობდი, რამენაირად გვერდი ამევლო ამ ოხერი პოლიტიკისათვის, მაგრამ ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ქართული რაგბის დიდ სარაგბო ოჯახში წინ წაწევის პრობლემა ძალიან ჰგავს ზოგადად იმ პრობლემას, რის წინაშეც მთელი საქართველო დგას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან (ნატო) და ევროკავშირთან (ეკა) და ინტეგრაციის კუთხით.

დრო გადის, ჩვენს მიღებას სამწუხაროდ კიდევ არავინ აპირებს და ეს სამარცხვინო მოლოდინი მოლოდინად რჩება, რუსეთის ჯარის მთელს საქართველოში შემოჯლიგინების ალბათობა კი იზრდება. როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? მთავარი კითხვაც სწორედ ესაა.

ეს ბლოგი მთლად დარდიან ნოტაზე რომ არ დავასრულოთ, მოდით ყოველთვის გვქონდეს მომავლის იმედი და არასოდეს დავყაროთ ფარ-ხმალი. ჩვენს შესანიშნავ ახალგაზრდა მორაგბეებს კი მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატებები ვუსურვით, რადგან ჩვენი ქვეყნის სინდისი და ღირსება ამ ბიჭებზეც გადის!

0.111286