ჩოგბურთი

0:22 | 5.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი 125-ათასიანი ტურნირის ფინალშია!

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისრაელის ქალაქ რაანანას ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) ფინალში გააღწია და დღეს საღამოს ტიტულისთვის იბრძოლებს.

ნახევარფინალში ბასილაშვილი მოლდოველ რადუ ალბოტს გაეჯიბრა და მსოფლიო რეიტინგში 145-ე ადგილზე მყოფ მეტოქეს 7:6 (7:3), 6:4 სძლია. თამაში საათსა და 40 წუთს გაგრძელდა და ნიკოლოზმა 4-ვე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 3-ჯერ დათმო.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა 4 ეისი მოაწოდა, 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ჯამში მოგებული გათამაშებების მიხედვით კი, მოლდოველს შესამჩნევად აჯობა – 81:69.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველ ჩოგბურთელს ამჟამად კლასიფიკაციაში 180-ე ადგილი უკავია, თუმცა, ისრაელში წარმატებული თამაშის წყალობით წინ აუცილებლად წაიწევს (ლაივ-რეიტინგში ნიკოლოზი უკვე 153-ეა).

ბასილაშვილს უკვე განაღდებული აქვს 65 სარეიტინგო ქულა, ფინალის მოგების შემთხვევაში კი, აქტივს 110 ქულას შემატებს. გადამწყვეტ მატჩში ქართველის მეტოქე მე-2 ნომრად განთესილი სლოვაკი ლუკას ლაცკო იქნება, რომელმაც გერმანელ მიხაელ ბერერს 6:1, 6:7 (4:7), 6:4 სძლია. ლაცკოს რეიტინგში 99-ე პოზიცია უკავია.

0.113839