უკრაინის პრემიერლიგის მე-18 ტურში “დნიპრომ” სტუმრად 3:1 დაამარცხა პოლტავის “ვორსკლა.” საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ მატჩი სრულად ჩაატარა. გამარჯვებულთაგან ორი გოლი სელეზნიოვის ანგარიშზეა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი კონოპლიანკამ მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე დააფიქსირა. ამ ეტაპზე “დნიპრო” 40 ქულით სატურნირო ცხრილში მხოლოდ კიევის “დინამოს” ჩამორჩება, რომელიც ჩემპიონატს 48 ქულით ლიდერობს, მესამე ადგილზე 38 ქულით დონეცკის “შახტარია,” რომელიც თავის მატჩს ხვალ გამართავს.
გერმანიის მესამე ლიგის 31-ე ტურში “ჰალეშერმა” საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა “მიუნსტერი.” 27-ე წუთზე ანგარიში ფუროჰოლმიმ გახსნა, 50-ე წუთზე ბანოვიჩმა ორამდე გაზარდა სხვაობა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 78-ე წუთზე აკაკი გოგიამ დააფიქსირა, მან თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა. აკაკიმ გამარჯვებულთა სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა, მოედანი კი შეხვედრის მიწურულს, 85-ე წუთზე დატოვა. გერმანიის მესამე ლიგის 20 გუნდიან ჩემპიონატში “ჰალეშერი” 46 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილზე იმყოფება. აკაკი გოგიამ მიმდინარე სეზონში გერმანიის მესამე ლიგაში ათი გოლი გაიტანა, საუკეთესო ბომბარდირ ფაბიან კლოსის ანგარიშზე კი 19 გოლია.
https://www.youtube.com/watch?v=Al1tPNF_VYo
ჰოლანდიის ერედივიზიონის 29-ე ტურში “ვიტესმა” შინ ფრედ 1:1 ითამაშა “გრონინგენთან.” მე-13 წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, 79-ე წუთზე კი სტუმარი გუნდის ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. სრულად ითამაშა “ვიტესის” ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ, სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილმა კი 68-ე წუთზე დატოვა მინდორი. ჰოლანდიის ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში “ვიტესი” 48 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.
რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში მოსკოვის “სპარტაკმა” შინ ფრედ 1:1 ითამაშა “ყუბანთან” შეხვედრაში. მურატ იაკინმა ჯანო ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა, ქართველი მოთამაშე მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. საქართველოს ნაკრების წევრმა პატრიკ ებერტი შეცვალა. მოსკოვური კლუბი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 36 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.
რუმინეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში გიორგი ჭანტურიას გუნდმა სტუმრად 1:0 დაამარცხა “ასტრა.” “კლუჟის” სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა გიორგი ჭანტურია. ანანიძის მსგავსად ჭანტურიაც 87-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. რუმინეთის 18 გუნდიან ჩემპიონატში “კლუჟი” 15 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს “ოთელულს.”
ლიტვის ა ლიგაში “სუდუვამ” გასვლით მატჩში 3:0 დაამარცხა “შიაულიაი.” მასპინძელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა თამაზ ჩარგეიშვილმა. ლიტვის ათგუნდიან ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელის გუნდი 1 ქულით ბოლო ადგილზეა.