რაგბი

23:19 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

,,აიამ“ პლეი ოფში თამაში გაინაღდა 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა მე-17 ტურის დასრულების შემდეგ თბილისის "არმაზს“ პლეი ოფში მოხვედრის მხოლოდ თეორიული შანსი ჰქონდა. მათ ამისთვის ქუთაისში უნდა ემარჯვათ და თან მარტყოფში მიმდინარე პარალელური მატჩის შედეგს დალოდებოდნენ.

რადგან ქუთათურებს რუსთავის ,,ხარებთან“ მოგებულ მატჩში წაგება ჩაეთვალათ, ,,არმაზის“ საპლეიოფო შანსები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ისინი უკვე მხოლოდ თავის თავზე იყვნენ დამოკიდებულნი და პრემიალური ქულით გამარჯვების შემთხვევაში მე-6 ადგილს ინაღდებდნენ.

აქედან გამომდინარე აღნიშნული მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა მიეცა. ვინაიდან პლეი ოფში გასული 5 გუნდი უკვე ცნობილი გახლდათ, მეტოქეებს უშუალო დაპირისპირებაში უნდა გამოევლინათ მეექვსე საგზურის მფლობელის ვინაობა.

მატჩის დღეს ქუთაისში გადაუღებლად წვიმდა და საკმაოდ ციოდა. მიუხედავად ამისა გულშემატკივრები საკმაოდ მრავლად შეგროვდნენ საყვარელი გუნდის საქომაგოდ. უხვად მოსულმა ნალექმა მოედანი დაამძიმა. მორაგბეებს სირბილი უჭირდათ და ტემპიც საკმაოდ დაბალი გახლდათ. ბურთი სველ მინდორზე ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად სრიალებდა, რაც ხელდახელ კომბინაციურ თამაშს აძნელებდა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო და მასპინძლები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ. რეზი ჯინჭველაშვილმა თითქმის მოედნის ცენტრში დანიშნული საჯარიმო დიდებულად შეასრულა და თავისიანები წინ გაიყვანა - 3:0.

5 წუთში სტუმრებმა საპასუხო იერიში წამოიწყეს . მათ მრავალფაზიანი შეტევა განავითარეს და კანდელაკმა ბურთი ჩათვლის მოედანზე შეიტანა. გამოცდილ კიკნაძეს გარდასახვა გაუცუდდა - 3:5.

მე-16 წუთზე დედაქალაქელებმა მეტოქის კარის სიახლოვეს ძალიან ხელსაყრელი საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. რადგან თბილისელებს პრემიალური ქულით გამარჯვება სჭირდებოდათ, მათ ბურთის აუტში გადატანა ამჯობინეს. შემდეგ დერეფანში ბურთი მოიგეს და მძლავრი ბიძგებით მეტოქის ლელოში შეღწევა სცადეს, თუმცა უკანასკნელ მომენტში ბურთი წინ გაუვარდათ.

21-ე წუთზე ,,არმაზის” მორაგბეებმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს და ბურთი საკუთარ 5 მეტრიან ხაზთან აუტში გადაიტანეს. რიონისპირელებმა აუტი მოიგეს, მაგრამ ჩათვლის მოედნის დალაშქვრა ვერ მოახერხეს.

25-ე წუთზე ქუთათურებმა საკმაოდ ორიგინალური კომბინაცია გაითამაშეს. მარჯვენა ფრთაზე წარმოქმნილი რაქიდან ბურთი ჯინჭველაშვილმა გამოიტანა და მოედნის შორეულ მარცხენა ფლანგზე გადაკიდა. სიტუაციაში სხვებზე უკეთ აბრამიძე გაერკვა. მან მეტოქეს დაასწრო და ბურთი ჩათვლის მოედანზე დაამიწა. არბიტრი მოვლენებიდან საკმაოდ შორს იმყოფებოდა, თუმცა თანამსაჯთან მცირე კონსულტაციის შემდეგ ლელო დააფიქსირა. საკმაოდ რთული მდგომარეობიდან ჯინჭველაშვილს გარდასახვა გაუცუდდა - 8:5.

მოედნის ცენტრიდან თამაშის განახლებისთანავე სტუმრებმა სახიფათო იერიში წამოიწყეს, რომელიც ქუთათურებმა მხოლოდ წესის დარღვევით შეაჩერეს. ჯარიმის დარტყმა ამჯერად ბროძელმა ითავა, თუმცა ხელსაყრელი მდგომარეობიდან ბურთი კარს ააცილა.

ტაიმის ბოლომდე დედაქალაქელებმა ერთი შეტევა კიდევ განახორციელეს. ისინი თითქმის ჩათვლის მოედნამდე მივიდნენ, თუმცა უკანასკნელ წამს ქუთათურებმა იმარჯვეს და მეტოქე ბურთიანად აუტში გადაიყვანეს.

შეხვედრის მეორე ნახევარი მასპინძლებმა გაცილებით უფრო აქტიურად ჩაატარეს. 48-ე წუთზე გიორგი აფციაურმა მეტოქეს ხაზი გაუჭრა, თითქმის 60 მეტრი ირბინა და ბურთი ჩათვლის მოედანში შეიტანა. გარდასახვის შესრულებისას ჯინჭველაშვილს ამჯერადაც ხელი მოეცარა - 13:5.

ქუთათურთა ახალგაზრდა მგეზავს თავის გამოჩენის შანსი 62-ე წუთზეც მიეცა, თუმცა მისი დარტყმული საჯარიმო კარის ძელმა აისხლიტა.

ამის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა. 73-ე წუთზე რიონისპირელთა შტურმის შემდეგ შეცვლაზე შესულმა გიორგი ტორაძე უმცროსმა იყოჩაღა. მან მძლავრი ბიძგით მეტოქის დაცვა გაარღვია და ბურთი ჩათვლის მოედანზე დაამიწა. გარდასახვა ასევე შეცვლაზე შესულმა ბაბუნაშვილმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა - 20:5.

მატჩის უკანასკნელ წუთზე ბაბუნაშვილს ლელოს დადებაც მართებდა. მან სოლო რეიდით რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა, თუმცა ჩათვლის მოედანს მიახლოვებულმა რატომღაც თანაგუნდელისთვის პასის მიწოდება მოინდომა, რაც ცუდად გამოუვიდა და პრემიალური ქულის აღების შანსიც დაიკარგა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტი’’ გამარჯვებული გუნდის მწვრთნელს გაესაუბრა:

კობა გიორგაძე (,,აია’’) - ,,დღევანდელ თამაშზე სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. ჩვენ ამ მატჩისთვის წამყვანი მოთამაშეების დასვენებას ვფიქრობდით, თუმცა მოვლენები ისე განვითარდა შეხვედრამ პრინციპული ხასიათი მიიღო და გამარჯვებისთვის ბოლომდე დახარჯვა მოგვიხდა. ჩემი გულისტკივილი მინდა წინა მატჩის შედეგზე გამოვხატო. მართალია შევცდით და ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ, თუმცა აღნიშნულ შეხვედრას მსაჯიც და მეთვალყურეც ჰყავდა, რომლებსაც აუცილებლად უნდა გავეფრთხილებინეთ. დასჯით მხოლოდ ჩვენ დავისაჯეთ, მათთვის კი პასუხი არავის მოუთხოვია. როცა ვერდიქტს გავეცანით ჩვენ საჩივარი დავწერეთ, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია.“

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი. XVIII (ბოლო) ტური.
4 აპრილი. შაბათი. ქუთაისი. ,,აია“. 16:00 საათი. 800 მაყურებელი.

,,აია“ (ქუთაისი) - ,,არმაზი“ (თბილისი) 20:5 (8:5)

,,აია“: 15. აფციაური (ბაბუნაშვილი 60), 14. აბრამიძე (გ. ლოსაბერიძე 73), 13. გ. ფრუიძე (კიკვაძე 20), 12. სინაურიძე, 11. ბ. ტორაძე, 10. ჯინჭველაშვილი, 9. თ. თუთბერიძე, 1. რატიაშვილი, 2. მატკავა (ასათიანი 65), 3. ლომსიანიძე (სალდაძე 55), 4. ჯავახია, 5. ჩიტეიშვილი (გიორგი ტორაძე უმცროსი 60), 6. შალამბერიძე, 7. დ. ლოსაბერიძე (კ), 8. ყურაშვილი (გიორგაძე 50) (მარშანია 55);

3 ლელო: აბრამიძე, აფციაური, გიორგი ტორაძე უმცროსი;

გარდასახვა: ბაბუნაშვილი.

ჯარიმა: ჯინჭველაშვილი;

მწვრთნელები : კობა გიორგაძე, ბესო ხამაშურიძე;

,,არმაზი“: 15. ბროძელი, 14. მაჩხანელი, 13. ლეგაშვილი, 12. ლიპარტელიანი (კაიფაჯიანი 55), 11. გიორგაძე, 10. კიკნაძე (ხურცილავა 65), 9. ლობჟანიძე (მჟავანაძე 55), 1. ჩომახაშვილი, 2. სოსელია (ჯიბლაძე 60) (ბუკია 70), 3. მარგველანი, 4. ცხადაძე, 5. კანდელაკი, 6. გიგაური, 7. მინაშვილი (კ) (ბარბაქაძე 55), 8. ამირანაშვილი;

ლელო: კანდელაკი;

მწვრთნელი: ირაკლი მაჩხანელი;

მთ. მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი,

თ/მ: გიორგი ტრაპაიძე, ლუკა ქავთარაძე;

0.241789