ფეხბურთი

8:29 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კაკუბავა: “ცხადაძე მომთხოვნი და პროფესიონალია”

ლევან კაკუბავა საქართველოს ჩემპიონატში ჯერ კიდევ 2007-2008 წლების სეზონში გამოჩნდა. შემდეგ კი მის კარიერაში თბილისის “დინამოს” ჯერი დადგა. გასულ ზაფხულს ლევანმა კარიერის გაგრძელება კვიპროსულ “ომონიაში” გადაწყვიტა, თუმცა მისდა სამწუხაროდ კუნძულური კარიერა არ აეწყო და სამშობლოში დაბრუნებულმა ამბიციურ “სამტრედიას” მიაშურა, რომლის ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად მალევე იქცა.

კაკუბავას კარგი თამაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესაც არ გამოჰპარვია და ნაკრებში უხმო. “მსოფლიო სპორტი” 24 წლის ფეხბურთელს დაუკავშირდა და საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.

- “სამტრედია” სეზონის წინ საკმაოდ გაძლიერდა და მაღალი მიზნებიც ამოძრავებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუძლია გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა?

- ყველა ინტერვიუში ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ გუნდის გაძლიერება და კვალიფიციური ფეხბურთელების დამატება არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დიდი მიზნებისთვის იბრძოლებ. უნდა იბრძოლო, მაგრამ განაღდებული წინასწარ არაფერია. გუნდს შეთამაშება სჭირდება და მისი შენება ხანგრძლივი პროცესია.

- აქედან გამომდინარე, რა არის გუნდის პროგრამა მინიმუმი მიმდინარე სეზონში?

- ჩვენ ვართ პროფესიონალები და ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ, არ აქვს მნიშვნელობა სახლში ვთამაშობთ თუ გასვლაზე. უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძვით. რა გამოგვივა, სეზონის ბოლოს ვნახავთ. წინასწარ არავის უთქვამს, რომ გინდათ თუ არა ჩემპიონები გახდით ან თასი მოიპოვეთო.

- წლეულს უმაღლეს ლიგაში 16 თამაში ჩაატარეთ და 2 გოლი გაიტანეთ. იმავდროულად თქვენი გუნდის დაცვის ხაზის ლიდერი ხართ. როგორ ფიქრობთ, თქვენს კარიერაში საუკეთესო სეზონია?

- ტურები ჯერ კიდევ არის დარჩენილი და ვფიქრობ, უკეთ ავთამაშდები.

- როგორ ფიქრობთ, გაამართლა თუ არა 16 გუნდიანმა ჩემპიონატმა?

- რა თქმა უნდა კი. პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცა ძალების მოსინჯვის და იმის დამტკიცების საშუალება, რომ საქართველოში ნიჭიერი თაობა მოდის. მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ ჩემპიონატი ძალიან დაიძაბა და შარშანდელისგან განსხვავებით, არაპროგნოზირებადი გახდა.

- როგორ გგონიათ, “სამტრედია” შეძლებს ევროსარბიელზე გასვლას?

- იქედან გამომდინარე, რომ გუნდი მეოთხე ადგილზეა და პარალელურად საქართველოს თასზეც განაგრძობს ასპარეზობას, შემიძლია ვთქვა, რომ “სამტრედიას” რეალური შანსი აქვს ევროტურნირებზე მოხვედრის.

- თქვენი აზრით, რამდენად აქვს “სამტრედიას” შანსი, რომ ევროტურნირებზე წარმატებით ითამაშოს?

- მოდით ჯერ ევროთასებზე მოვხვდეთ და შემდეგ ვიფიქროთ წარმატების მიღწევაზე.

- “სამტრედიაში” ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიცაა დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი და ალექსანდრე იაშვილი, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში არაერთი მატჩი ჩაუტარებიათ. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია ეს გუნდისთვის და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის?

- ასეთი გამოცდილი და რაც მთავარია პროფესიონალი ფეხბურთელების გვერდით თამაში დიდი პატივია და საინტერესოცაა. ძალიან ბევრ რამეს სწავლობ, რაც შეიძლება დიდ ფეხბურთში დაგეხმაროს და ჩვენი გუნდის ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს აქვს შანსი, რომ სასიკეთოდ გამოიყენონ მათი აქ ყოფნა.

- სამტრედიაში სტადიონზე ყოველ თამაშზე ანშლაგია. როდესაც გუნდში მიხვედით ფიქრობდით, რომ ასეთი ატმოსფერო იქნებოდა ამ ქალაქში?

- კი, წარმოდგენა მქონდა. რადგან სამტრედიაში მოწინააღმდეგე გუნდის შემადგენლობაში ადრეც არაერთხელ მითამაშია და ყოველთვის დიდი წნეხი იყო აქ თამაში. ძალიან მიხარია, რომ ამ ქალაქში ასე ძალიან უყვართ ფეხბურთი და ბოლო წუთამდე გვგულშემატკივრობენ. დიდი მადლობა მათ ამისათვის.

- ეროვნული ნაკრების თემასაც შევეხოთ. კახა ცხადაძის დებიუტი შედგა. თქვენ კი მის პირველ სანაკრებო სიაში მოხვდით. როგორ შეაფასებდით განვლილ შეხვედრებს?

- ცხადაძე ძალიან დიდი პროფესიონალი და მომთხოვნი მწვრთნელია, რაც ნაკრებში აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, მისი თაოსნობით ეროვნული ნაკრები მომდევნო შესარჩევი ციკლიდან წარმატებას მიაღწევს.

- მართალია თამაში არ მოგიწიათ, მაგრამ რა შეგრძნებაა, როცა მშობლიური ნაკრების შემადგენლობაში ხარ?

- ნაკრებში მოხვედრა ძალიან დიდი სიამოვნებაა და ნაკრების წევრად გრძნობ თავს. რა თქმა უნდა სასურველია ითამაშო, მაგრამ მერწმუნეთ, ნაკრებში მხოლოდ მოხვედრაც არანაკლებ ემოციურია.

- რამდენად ხედავთ საქართველოს ნაკრებში იმის პოტენციალს, რომ მომდევნო შესარჩევი ციკლი წარმატებით ჩაატაროს?

- დარწმუნებული ვარ შანსი აქვს.

- რაში ხედავ წარმატების მიღწევის საიდუმლოს?

- გუნდი უფრო შეთამაშდება და თითოეული ფეხბურთელი გაიგებს, გაითავისებს რას ითხოვს მწვრთნელი და უკეთ ავთამაშდებით, რაც წარმატების წინაპირობაა.

- სამომავლო გეგმების შესახებ რისი თქმა შეგიძლიათ. ხომ არ გაქვთ წინადადებები უცხოეთიდან?

- ჯერ არაფერი ვიცი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ჩავატარებ სეზონს.

0.120215