ფეხბურთი

20:02 | 3.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “კოლხეთი” “სიონზე” ძლიერი აღმოჩნდა

მარტის სანაკრებო ბატალიები წარსულს ჩაბარდა და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ორკვირიანი პაუზის შემდგომ განახლდა. თბილისში, “მიხეილ მესხის” სახელობის არენაზე ერთმანეთს სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდები, ბოლნისის “სიონი” და ფოთის “კოლხეთი” დაუპირისპირდნენ.

მიმდინარე სეზონში ორივე გუნდის ამოცანა ერთნარია - არგავარდნა. აქედან გამომდინარე, მატჩს ექვსქულიანი ეთქმოდა და საბოლოოდ ეს “ექვსი” ქულა ფოთელმა ფეხბურთელებმა ირგუნეს. მატჩი საკმაოდ ნელ ტემპში დაიწყო. მიუხედავად ამისა, სწრაფი გოლი გავიდა და თანაც ისეთი ნებისმიერი რანგის შეხვედრას, რომ დაამშვენებდა. ნიკა სიჭინავამ საჯარიმოს მისადგომებთან ლევან შენგელია მოძებნა, რომელსაც ბევრი არ უფიქრია და მირზა მერლანს შორეულ მარცხენა კუთხეში უძლიერესი დარტყმით ლამაზი გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა გამოცდილმა კიპერმა აღნიშნულ ეპიზოდში რეაგირებაც ვერ მოახერხა და ბურთის მხოლოდ თვალი გააყოლა. პირველი 45 წუთი მთლიანად სტუმრებისა იყო და საგრძნობ უპირატესობასაც ფლობდნენ. 27-ე წუთზე გატანა ნიკა სიჭინავას შეეძლო, თუმცა მისი შორეული დარტყმა მცირედით ასცდა ბოლნისელთა კარს. ცოტა ხანში ხელსაყრელი პოზიციიდან დუბლის შესრულებას შენგელია ეცადა, მაგრამ ოდნავ მიზანმა უმტყუნა. პირველი ტაიმს შეხვედრის არბიტრმა წუთი დაამატა და სწორედ ეს დრო მიმდინარეობდა, როცა ლევან შენგელიამ სტანდარტი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, იქ კი ყველას ცენტრალურმა მცველმა ზურაბ თევზაძემ დაასწრო და თავისი გუნდი ანტრაქტზე ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა.

მეორე ტაიმი პირველის ანალოგი გამოდგა ტემპი ისევ დაბალი იყო, ხოლო “სიონს” სახიფათო მომენტების შეჰქმნა უძნელდებოდა. 64-ე წუთზე, 20 მეტრიდან დათა სიჭინავამ საჯარიმო დარტყმა კარგად შეასრულა, სტუმრები გაშვებული გოლისგან კარის ხარიხამ იხსნა, გამოვარდნილ ბურთზე კი ყველას პორტუგალიელმა ლუის ალბერტო ვიეირამ დაასწრო და ერთი ბურთი გაქვითა. სულ მალე არმაზ ჯელაძის გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. დაჩი ცნობილაძეს ნიკა სიჭინავა გაექცა და იძულებული გახდა კოლხთა მარჯვენა ფლანგელი აკრძალული ხერხით შეეჩერებინა. ვინაიდან მანამდე ცნობილაძეს ერთი გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდა, მატჩის არბიტრ ლაშა სილაგავას ბევრი არ უფიქრია და ბოლნისელთა მცველს გასახდელისკენ მიუთითა. 77-ე წუთზე კარგი შანსი ჰქონდა შენგელიას, რომელმაც საჯარიმოს გარედან სცადა გატანა, მაგრამ მისდა სამწუხაროდ, მერლანის კარს ზემოდან მცირედით გადააცილა. 83-ე წუთზე მოედანზე რიცხობრივი თანაფარდობა აღდგა. გურამ გურეშიძემ სილაგავას მეორე ყვითელი ბარათი დასტყუა და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. ბოლნისელ ფეხბურთელებს 90-ე წუთზე თამაშის გადარჩენა შეეძლოთ. საჯარიმოში არაუხო და სილვამ იაქტიურა, რომლის გადაცემას ახლო ძელთან ვიეირა აგვირგვინებდა, მაგრამ სეფიაშვილმა ბურთზე რეაგირება მოასწრო. საბოლოოდ, შეხვედრა “კოლხეთის” გამარჯვებით, 2:1 დასრულდა და გასავარდნი ზონის ზღვარზე მყოფ “სიონს” უკვე 5 ქულით გაასწრო.

მომდევნო ტურში “სიონი” გორში “დილას” ესტუმრება, ხოლო “კოლხეთი” საკუთარ მოედანზე “ზესტაფონს” დაუხვდება.

“სიონი” – “კოლხეთი” 1:2 (0:2)

თბილისი. “მიხეილ მესხი”.

“სიონი” (4-2-3-1): მერლანი; ქებურია (მიქაბერიძე 46), სვანიძე, ცნობილაძე, საჯაია; გოგობერიშვილი, ჭანკოტაძე; გაფრინდაშვილი (ჭიკაიძე 74), უგულავა (და სილვა 46), დ. სიჭინავა; ვიეირა

მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

“კოლხეთი” (4-3-3): სეფიაშვილი; კილასონია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა; გოგონაია, გურეშიძე, გიგაური; ნ. სიჭინავა (კაკულია 71), ჯიქია (ჯიშკარიანი 80), შენგელია (ქორჩილავა 80)

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

გოლები: 0:1 შენგელია (13), 0:2 თევზაძე (45+1), 1:2 ვიეირა (64)

გაფრთხილება: ცნობილაძე (53, 69), მიქაბერიძე (72), ვიეირა (90) – გოგონაია (36), გურეშიძე (63, 83), გიგაური (71)

გაძევება: ცნობილაძე (69) – გურეშიძე (83)

მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა

მეგოლეები:

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ირაკლი მოდებაძე (დილა)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი)

7 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა),

6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), გიორგი ბერიაშვილი (დინამობათუმი), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.314014