ლაშა სალუქვაძე არ ფიქრობს, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძის დანიშვნის შემდეგ, ბაქოს “ინტერის” მოთამაშეებმა საქმისადმი დამოკიდებულება შეცვალეს. ამის შესახებ ბაქოელთა ქართველმა მცველმა აზერბაიჯანის პრემიერლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში აგდამის “ყარაბაღთან” ფრის (0:0) შემდეგ ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან ისაუბრა.
- თამაშმა როგორ ჩაიარა?
- რთული მატჩი აღმოჩნდა. არც ჩვენ და არც მეტოქეს ასპროცენტიანი შანსი არ გვქონია. გატანას შევეცადეთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ასე რომ, ფრე დავიმსახურეთ.
- შეიძლება ითქვას, რომ “ინტერმა” ჩემპიონობის იმედი დაკარგა?
- არა. ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, ახლა ჩემპიონობა ძალიან გაგვიჭირდება. “ყარაბაღს” 9 ქულით ჩამოვრჩებით და ეს გუნდი ძალიან ძლიერია. ასეთი მეტოქის დაწევა რთული იქნება. ჩემი აზრით, “ინტერის” ჩემპიონობა არარეალურად გამოიყურება.
- მეორე ტაიმში “ინტერი” სამი შემტევი ფეხბურთელით თამაშობდა. ჩანდა, რომ მოგება ძალიან გსურდათ?
- ჩემი აზრით “ყარაბაღი” ფრეზე თამაშობდა, რადგან მეორე ტაიმში მოედანზე შუა ხაზის მესამე მოთამაშე შევიდა, რომელიც დაცვაში დადგა. მეტოქე არც გვიტევდა. მთავარი იყო არ წაეგო. “ყარაბაღმა” ძალიან ჭკვიანურად ითამაშა.
- რეინალდოს არყოფნამ ალბათ სამუშაო გაგიადვილათ?
- ასე არ ვფიქრობ. რეინალდოს წინააღმედეგ გვითამაშია და “დაგვიკეტავს”. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს “ყარაბაღის” რომელი ფორვარდი დაგვიპირისპირდება, რადგან მეტოქე ძალიან ძლიერი სწორედ კოლექტიურ თამაშშია.
- ჩემპიონობის შანსი მაინც ხომ რჩება?
- მათემატიკური გათვლებით შანსი გვაქვს. თუმცა, ძალიან გაგვიჭირდება. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემპიონი “ყარაბაღი” იქნება.
- შეიძლება იმის გაფიქრება, რომ მას მერე რაც “ინტერის” თავკაცი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, ფეხბურთელებმა მატჩებისადმი მიდგომა შეცვალეს?
- მსგავსი რამ არაა. ყველაფერი ისეა როგორც ადრე. თამაშებისთვის სერიოზულად ვემზადებით და მოედანზე გამარჯვებისთვის გავდივართ.