ფეხბურთი

10:49 | 3.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყენია: “ფეხბურთელი მიზნის გარეშე არაფერს წარმოადგენს”

მარტის სანაკრებო ბატალიები წარსულს ჩაბარდა. საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა კახა ცხადაძეს და ახალი ფორმაციის ნაკრებიც ჩამოყალიბებას შეუდგა. “მსოფლიო სპორტი” საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პრაღის “სლავიას” ნახევარმცველ ლევან ყენიას პრაღაში დაუკავშირდა განვლილი ორი მატჩის შესახებ ესაუბრა.

ყენიას განცხადებით, ეროვნულ ნაკრებს სამუშაო კიდევ ბევრი აქვს და ყოველივე ეს ქართველ ფეხბურთელებს კარგად აქვთ გათავისებული.

- ლევან, როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩს?

- მალტასთან დადებითად. უპირატესობა გვქონდა, ბურთსაც უმეტესად ჩვენ ვფლობდით და მეტოქე ბოლო 10 წუთში გავტეხეთ. გერმანიასთან ცოტა შიშით ვიყავით. ბურთს უაზროდ ვიგერიებდით. არადა, სხვა გეგმა გვქონდა, მაგრამ მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერი იყო და ჩვენს კარს მიგვაჯაჭვა. გერმანიასთან აშკარად მეტი თავდაჯერებულობა მოგვეთხოვებოდა. უნდა ვცადოთ, პასებით ამოსვლა საკუთარი საჯარიმოდან. შეიძლება მომენტებში არ გამოგვივიდეს, მაგრამ უნდა შევეცადოთ სწორი ფეხბურთი ვითამაშოთ. ცდის გარეშე არაფერი გამოვა. არავინ დაბადებულა თავიდანვე ისეთი, როგორიც გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები არიან. ამას დახვეწა და თვითდაჯერება სჭირდება. საოცარ ფეხბურთს თამაშობდნენ, ერთი-ორი შეხება და ბევრი მოძრაობა. ესაა თანამედროვე ფეხბურთი.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად ჰქონდა საქართველოს ნაკრებს გერმანიასთან დადებითი შედეგის შანსი?

- ამ ეტაპზე ძალიან ძნელი იყო, რადგან თავდაჯერებულად ვერ ვთამაშობთ და როცა გუნდს თავდაჯერება აკლია, ძნელია ასეთ დროს წარმატების მიღწევა. თავდაჯერებას შეტევაში ვგულისხმობ, თორემ დაცვით ფუნქციებში ყველა ბოლომდე დაიხარჯა და იბრძოლა, მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ დაცვა არაა.

- რისი თქმა შეგიძლიათ ნაკრების ახალი თავკაცის, კახა ცხადაძის შესახებ. როგორია მასთან მუშაობა?

- ჩემი აზრით, მე რასაც ვუყურე ამ მოკლე პერიოდში, უნდა სწორი თამაში. პასით ამოსვლა და ტაქტიკურად სწორი თამაშის ჩვენება. ბევრი სამუშაო გვაქვს და ეს თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით.

- ლევან, მალტასთან და გერმანიასთან მატჩებში მეორე ტაიმში ჩაერთეთ. როგორ შეაფასებდით თქვენს თამაშს ამ შეხვედრებში?

- ნორმალურად შევაფასებდი. გერმანიასთან რამდენჯერმე უაზროდ დავკარგე ბურთი, მაგრამ ვცდილობდი პასით ამოსვლას. წინ გაუაზრებლად დარტყმა არც მიყვარს და აზრსაც ვერ ვხედავ თუ რა თქმა უნდა თავდამსხმელი მარტო არ დგას. როგორც ვთქვი, სამუშაო ბევრია, როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური.

- მიმდინარე შესარჩევი ციკლი ჩვენი ნაკრებისთვის პრაქტიკულად დასრულებულია. და მაინც, დარჩენილ მატჩებში რა იქნება გუნდის მიზანი?

- რა თქმა უნდა გამარჯვება და ამასთან უფრო მეტად შეთამაშება.

- რამდენად შეუძლია საქართველოს ნაკრებს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა?

- რთული კითხვაა. მიზანი უნდა გვქონდეს გასვლა და მოგება ყველა თამაშის. ჩემი აზრით, მიზნის გარეშე ფეხბურთელი არაფერს წარმოადგენს. რამდენად შევძლებთ ამას, დრო გვიჩვენებს.

- მაინტერესებს, რას ფიქრობთ, იმ ფაქტზე, რომ გერმანიასთან მატჩისას მოედანზე 7 გულშემატკივარი აღმოჩნდა...

- პირველ ყოვლისა მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს. ენით აღუწერელი, საუცხოო გარემო იყო. რაც შეეხება მოედანზე შემოვარდნილ გულშემატკივარს, ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ახლა მთავარია სანქციები არ დაგვაკისრონ და ცარიელი ტრიბუნების ფონზე არ მოგვიწიოს თამაში.

- ცოტა კლუბზეც ვთქვათ. “სლავია” ჩეხეთში დიდი ტრადიციების მქონე გუნდია, თუმცა წლეულს ცუდად ასპარეზობს. რითაა გამოწვეული გუნდის ასეთი თამაში?

- ბოლო თამაშები ცუდად ჩავატარეთ, თორემ შეიძლებოდა სეზონის გადარჩენა. ახლა ძალები უნდა მოვიკრიბოთ და დარჩენილ მატჩებში მაქსიმალური რაოდენობის ქულები დავაგროვოთ.

- სხვა, უფრო მაღალი დონის გუნდებიდან ხომ არ გაქვთ შემოთავაზება?

- ამ ეტაპზე წინადადებები არ მაქვს.

- და ბოლოს, რა უთხარით მანუელ ნოიერს საქართველო-გერმანიის მატჩის მიმდინარეობისას?

- განსაკუთრებული არაფერი.

0.143364