მაიამის საჩოგბურთო ტურნირის მოქმედი და შვიდგზის გამარჯვებული სერენა უილიამსი წლევანდელი გათამაშების გადამწყვეტ მატჩში ითამაშებს. ქალთა შორის მსოფლიო რეიტინგსიის უპირობო ლიდერმა ნახევარფინალში რუმინელ სიმონა ჰალეპს 6:2, 4:6, 7:5 მოუგო და ბალკანელის ზედიზედ 14 მოგებისგან შემდგარი მწკრივი შეწყვიტა, თავად სერენამ კი მიჯრით მეოცედ იმარჯვა.
ამერიკულ-რუმინული დაპირისპირება 2 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. სერენამ 8 ეისი, 4 ბრეიკი განახორციელა და სიმონასთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში 5:1 გახადა.
ფინალში უილიამს-უმცროსი ესპანელ კარლა სუარეს ნავაროს შეხვდება, რომელმაც გერმანელ ანდრეა პეტკოვიჩს 6:3, 6:3 სძლია.
შეგახსენებთ, სერენა უილიამსი მაიამის ტურნირის გამარჯვებული 2002, 2003, 2004, 2007, 2008, 2013 და 2014 წლებში გახდა.