მაიამის “მასტერზ1000”-ის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი ამ ტურნირის ნახევარფინალში კიდევ ერთხელ გავიდა. მეოთხედფინალში “ნოლემ” გამოცდილ ესპანელ დავიდ ფერერს 7:5, 7:5 მოუგო და მომდევნო სტადიაზე ამერიკელ ჯონ იზნერს შეხვდება. ჯოკოვიჩს მაიამის შეჯიბრების მთავარი პრიზი 2007, 2011, 2012 და 2014 წლებში მოუგია, 2009-ის ფინალში კი ენდი მარეისთან დამარცხდა.
ჯოკოვიჩისა და ფერერის ორთაბრძოლამ საათსა და 53 წუთს გასტანა. ნოვაკმა 2 ბრეიკი, 4 ეისი შეასრულა და დავიდთან პირადი შეხვედრების ანგარიში 14:5 გახადა.
მეორე ნახევარფინალისტ იზნერს რაც შეეხება, კორტის 29 წლის მასპინძელმა 6:4, 6:3 იოლად, საათსა და 10 წუთში იაპონელ კეი ნიშიკორის მოუგო. იზნერი და ნიშიკორი საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.
შეგახსენებთ, მაიამის “მასტერზ1000”-ის პირველი ნახევარფინალური წყვილი შოტლანდიელმა ენდი მარეიმ და ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა შეადგინეს.