თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის ტოპ-16-ში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ბასკურმა კლუბმა ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდ სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” ყველა მეოთხედი მოუგო და საბოლოოდ, 93:76 გაანადგურა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 21:15 წუთში 5 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა. თოკომ 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ისიც ვთქვათ, რომ ამ მატჩამდე შენგელიას ევროლიგაში ზედიზედ 24 საჯარიმო ჰქონდა ჩაგდებული, თურქულ გრანდთან კიდევ 3 ჩააგდო და სერია 27-ზე შეუწყდა.
მასპინძელთაგან 19 ქულით საუკეთესო მაიკ ჯეიმსი იყო, დარიუს ადამსმა, ფაბიენ კოსიემ და ფერნანდო სან ემეტერიომ კი 15-15 ქულა ჩააგდეს.
ჟელკო ობრადოვიჩის მიერ დარიგებული “ფენერბაჰჩეს” მხრიდან 10-ქულიან ზღვარს 3 კალათბურთელი ასცდა: ნემანია ბიელიცა (17 ქულა, 10 მოხსნა), იან ვესელი (13) და ბოგდან ბოგდანოვიჩი (11).
“ლაბორალ კუჩამ” 7 მარცხის წილ მე-6 გამარჯვება იზეიმა და F ჯგუფში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, რაც პლეი-ოფში თამაშის უფლებას იძლევა. მე-13 ტურის მატჩს დღეს ჩაატარებს ბასკური კლუბის კონკურენტი “ანადოლუ ეფესი”. თურქები შინ იტალიურ “ემპორიო არმანის” დაუხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში, “ლაბორალ კუჩას” დაეწევიან.
საინტერესოა, რომ ბოლო ტურში, რომელიც 9 აპრილს შედგება, შენგელიას გუნდი ესპანურსავე “უნიკახას” სტუმრობს, “ანადოლუ ეფესი” კი – ხსენებულ “ფენერბაჰჩეს” ანუ ასევე თურქეთის წარმომადგენელს.