ერთი კვირის წინ, მონტენეგროში რუსეთის ნაკრებს აგინეს, ბოთლები დაუშინეს, დამამცირებელი შინაარსის შემცველი პლაკატები გამოუკრეს და როგორც იტყვიან, თავზეც გადაუარეს. აკინფეევის თავში მოხვედრილი ბოთლი იქით იყოს, მაგრამ რუსეთის ნაკრები სხვათაგან ზიზღსა და რბილად რომ ვთქვათ ნაკლებად თბილ დამოკიდებულებას უკვე ისე მიეჩვია, რომ როგორც ერთი რუსი ბლოგერი ნახევრად ხუმრობით წერს, ზიზღი რუსი ფეხბურთელების თანმდევი რამ გახდა.
ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ რუს ფეხბურთელებს ამ ყველაფრიდან ლოგიკური დასკვნა არასოდეს გამოაქვთ და არასოდეს ფიქრობენ იმაზე, თუ რაა რეალური მიზეზი მათი სიძულვილისა ლამის მთელს მსოფლიოში. უკანასკნელ მუნდიალზეც კი, რომელიც რუსეთიდან ძალიან შორს, ბრაზილიის მცხუნვარე მზის ქვეშ გაიმართა, ნეიტრალური ქომაგები თითქმის ყოველთვის რუსების წინააღმდეგ იყვნენ და იშვიათი იყო ადამიანი, რომელიც რუსებს ქომაგობდა. ამ დროს კი ჩვენი “ექსპერტები” ისევ იძახიან, სპორტი და პოლიტიკა გამიჯნულნი არიან და რუსული ფეხბურთი პუტინთან არ უნდა გავაიგივოთო.
თავში ბოთლმოხვედრილი აკინფეევი კარგად რომ დაფიქრდეს, წესით უნდა მიხვდეს, რატომაც სძულთ ისინი თუნდაც მონტენეგროელებს, რომლებიც სხვათა შორის მათსავით სლავები არიან და წესით და კანონით სლავს სლავი ასე ძალიან არ უნდა ეჯავრებოდეს, მაგრამ მათ უკან ხომ ისტორიაა. ისტორია, რომელიც რამდენიც არ უნდა გადაწერო, მაინც ჩვენს უკან იდგება და ყოველთვის შეგვახსენებს საშინელებებს, რაც ჯერ რუსეთის იმპერიამ და შემდეგ საბჭოთა კავშირმა მთელი კაცობრიობის წინაშე ჩაიდინა.
იუგოსლავიის სახელმწიფოს ხელოვნურად შექმნამ და ამ სახელმწიფოში სერბული ეთნოსის ასევე ხელოვნურად გამორჩევამ (რუსებისადმი შედარებით ლოიალურობის გამო) გამოიწვია ის, რომ იტალიის მოსაზღვრე შესანიშნავი ქვეყანა სლოვენია, ადრიატიკის სანაპიროზე მიმოფანტული ხორვატია და მთელი ბალკანეთის ნახევარკუნძული ერთ-ერთ ყველაზე საზარელ სახელმწიფოში - იუგოსლავიაში შეათრიეს. იუგოსლავია იყო მინი საბჭოთა კავშირი, სადაც ადგილობრივ დიქტატორებთან ერთად, კრემლიდან დანიშნული მოხელეები ყოველთვის ჩაგრავდნენ მცირე ეთნოსებს და ხორვატებიდან-ბოსნიელებამდე, ყველა ამ საზიზღარი სახელმწიფიობრივი წარმონაქმნის გაქრობაზე ოცნებობდა. მეოცნებეთა შორის იყო მონტენეგროც, რომლებსაც რუსები ჩერნოგორიად მოიხსენიებენ.
მონტენეგროში სერბმა დიქტატორმა იოსიპ ბროზ ტიტომ საშინელი რეპრესიები განახორციელა და ეს პატარა, მთებში ჩაკარგული ქვეყანა (მაშინ კი ავტონომიური რესპუბლიკა) კომუნისტური რეჟიმით იუგოსლავიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან არსებობდა აზრი, (და სხვათაშორის არცთუ უსაფუძვლო) რომ მონტენეგროელები იუგოსლავიის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ ქმედებებში იყვნენ ჩაბმულნი.
შემდეგ იუგოსლავია დაიშალა, მაგრამ სერბეთმა კარგა ხნის მანძილზე კვლავ არ თქვა უარი მონტენეგროზე და რაღაც პერიოდის განმავლობაში მათ საერთო ასევე ხელოვნურ სახელმწიფოს სერბეთი-ჩერნოგორია ერქვა. რუსეთი დღესაც აპროტესტებს მონტენეგროს სერბეთისგან გამოყოფას და გაეროში რუსეთის წარმომადგენლები დღემდე გაჰკივიან, რომ სერბეთი-ჩერნოგორიის დაშორება უსამართლობა იყო.
ამ ყველაფრის შემდეგ, რუსეთში და შეიძლება ევროპაშიც, მაინც არიან ადამიანები, რომლებსაც უკვირთ მონტენეგროში რუსეთის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია. ცნობილი ამბავია, რომ ადამიანები მორალისტები განსაკუთრებით მაშინ არიან, როდესაც სხვების ამბებსა და სხვების ქმედებებს განიხილავენ. ამიტომაც, ძალიან ადვილია მონტენეგროელებს მოძალადეები და აგრესიული ხალხი უწოდო, როდესაც არ იცი ან არ გინდა იცოდე, რა უძღოდა ამ აგრესიას წინ.
უეფა მონტენეგროში შეწყვეტილი მატჩის შესახებ მალე ჩაატარებს განხილვას და სტევან იოვეტიჩსა და მის თანაგუნდელებს ალბათ ტექნიკური წაგებით დასჯიან, მარამ ამით არც რუსეთი შეიცვლება და არც მონტენეგრო. სიმართლეზე თვალის დამხუჭველი უეფა კი ძველებურად გააგრძელებს ფშვინვას.