ფეხბურთი

20:10 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” საზაფხულო სამიზნეები

მას შემდეგ, რაც “ვალენსია” სინგაპურელმა მილიარდელმა პიტერ ლიმმა შეიძინა, კლუბის საქმეები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. “ღამურებმა” ესპანური ბანკის – “ბანკიას” ვალი ბოლომდე გაისტუმრეს, ახალი სტადიონის მშენებლობა განაგრძეს და კვალიფიციური ფეხბურთელები დაიმატეს. ფინანსური მდგომარეობის დასტაბილურება უმალ აისახა სატურნირო ცხრილშიც. “ლოს ჩე” მესამე პოზიციაზეა და უდიდესი ალბათობით, გაისად ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდება.

“ვალენსიას” ახალ მეპატრონესა და მის ოჯახს ძალიან უყვართ ფეხბურთი. პიტერ ლიმის მიზანი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბის კიდევ უფრო გაძლიერება და ჩემპიონთა ლიგაზე მაღალი მიზნებითვის ბრძოლაა. ამისთვის, სინგაპურელი ბიზნესმენი სოლიდური თანხის დახარჯვას და “მესტალიაზე” რამდენიმე ვარსკვლავის ჩაყვანას აპირებს.

დღეს ვალენსიურმა პრესამ იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომელთა შეძენაზეც “ღამურების” ხელმძღვანელობა ფიქრობს. როგორც ცნობილია, რამდენიმე მოთამაშის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაწყებულიცაა. გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალს, რომლებიც მალე შესაძლოა “მესტალიაზე” აღმოჩნდნენ.

ხუან მანუელ მატა (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – რამდენიმე კვირის წინ, ესპანურ და ბრიტანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ “ვალენსიამ” “მანჩესტერ იუნაიტედს” ხუან მატას სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო შესთავაზა. “ღამურები” სერიოზულად არიან ყოფილი მოთამაშის დაბრუნებით დაინტერესებულნი და ზაფხულში ამის გაკეთებას ეცდებიან. თანაც, მატას მდგომაორება “ოლდ ტრაფორდზე” არამყარია და ხშირ შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაც ვერ ხვდება, რამაც ესპანეთის ნაკრებში ადგილის დაკარგვა გამოიწვია.

ხესუს ნავასი (“მანჩესტერ სიტი”) – ანდალუსიელ ვინგერზე საუბარი ზამთრის სატრანსფერო პერიოდშიც მიდიოდა, თუმცა საქმე ჭორებზე წინ არ წასულა. რამდენიმე დღის წინ კი ნავასის სახელი კვლავ “ვალენსიას” დაუკავშირეს. თუმცა, სერიოზულ გამოცემებს ამ საკითხზე არ დაუწერიათ.

ჯეიმს მილნერი (“მანჩესტერ სიტი”) – გამოცდილ ნახევარმცველს “მანჩესტერ სიტისთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. მისი უფასოდ აყვანის სურვილის “ვალენსიას” გარდა, რამდენიმე ძლიერ კლუბს აქვს: “ატლეტიკოს”, “სევილიას”, “რომასა” და “ლივერპულს”. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ წარიმართება ინგლისელი მოთამაშის კარიერა.

ზაქარია ბაკალი (პსვ) –
19 წლის ნიჭიერი ვინგერი თითქმის მთელი სეზონია ტრავმირებულია, თუმცა “ვალენსიას” ხელმძღვანელობა მისით მაინც სერიოზულად ინტერესდება. ზაქარია შესანიშნავი სისწრაფით, ტექნიკითა და დრიბლინგით გამოირჩევა. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

მემფის დეპაი (პსვ) – მემფისი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა, რომლითაც არაერთი ძლიერი კლუბი ინტერესდება და მასში დიდი თანხის გაღებასაც არ იშურებს. “ღამურებს” სხვებთან შედარებით ერთი უპირატესობა აქვთ, ჰოლანდიურ გრანდში იჯარის წესით ანდრე გუარდადო თამაშობს, რომლის სატრანსფერო უფლებებსაც “ვალენსია” ფლობს და გამორიცხული არაა, რომ “ვალენსიამ” მემფისის ტრანსფერში მექსიკელი ფეხბურთელი ჩართოს. როგორც იწერება, “ლოს ჩეს” ინტერესი ერედივიზიონის საუკეთესო ბომბარდირისადმი სერიოზულია, თუმცა ვალენსიელებს სერიოზული კონკურენცია ელით სხვა კლუბებისგან.

ნიკოლას გაიტანი (“ბენფიკა”) –
მას შემდეგ, რაც “ვალენსიას” მეპატრონე პიტერ ლიმი გახდა, კლუბმა “ბენფიკას” სამი მოთამაშე შეიძინა, ხოლო ჟოაო კანსელო იჯარით დაიმატა და სავარაუდოდ, მალე მასაც გაიფორმებს. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ვალენსია” კიდევ ეცდება “ბენფიკას” ლიდერების შეძენას. პიტერ ლიმს ძალიან მოსწონ ნიკოლას გაიტანი და მასში მზადაა, რომ 35 მილიონი ევრო გაიღოს.

ედუარდო სალვიო (“ბენფიკა”) – პორტუგალიური გრანდის კიდევ ერთი ლიდერი. ჯერჯერობით მასზე საუბარი ისეთი მასშტაბით არ მიდის, როგორც გაიტანზე, თუმცა “ღამურების” სკაუტები მის თამაშსაც აკვირდებიან. 24 წლის ფეხბურთელის სატრანფერო ფასი დაახლოებით 20 მილიონი ევროა.

ხოსე მარია კალეხონი (“ნაპოლი”) – როგორც იწერება, ესპანელ ფეხბურთელს “ნაპოლის” დატოვება სურს, ხოლო მისით “ატლეტიკო” და “ვალენსია” ინტერესდებიან. იტალიური მხარე 28 წლის ფეხბურთელში 10 მილიონს ითხოვს.

ეზეკიელ ლავეცი (პსჟ) – არგენტინელი ფეხბურთელის თაობაზე ზამთრის სატრანსფერო პერიოდშიც იწერებოდა, თუმცა გარიგება მაშინ ვერ შედგა. “ღამურების” სპორტულ დირექტორს ფრანცისკო რუფეტეს ძალიან მოსწონს ეზეკიელის თამაში და ზაფხულში მის ტრანსფერზე მიბრუნებას აპირებს.

რადამელ ფალკაო - (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – “მონაკოს” საკუთრებაში მყოფი რადამელ ფალკაო “მანჩესტერ იუნაიტედს” აშკარად ვერ მოეგო და ზაფხულში ინგლისს დატოვებს. კოლუმბიელის აგენტი პორტუგალიელი ხორხე მენდეშია, რომელიც პიტერ ლიმის მეგობარიცაა და “ღამურებს” სატრანსფერო პოლიტიკაში აქტიურად ეხმარება. ამიტომაც, დიდი შანსია, რომ ფალკაო მართლაც “ვალენსიაში” ვიხილოთ. მისი ტრანსფერი დაახლოებით 30-35 მილიონი ევრო დაჯდება.

ჟოაო კანსელო და ალვარო ნეგრედო – ორივე მოთამაშე “ვალენსიაში” იჯარით ასპარეზობს და დიდი ალბათობით, ზაფხულში ორივე სრულფასოვანი “ღამურა” გახდება.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე დიდი დროა დარჩენილი და რასაკვირველია, ბევრი ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეზეა გავრცელებული. თუმცა, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, რაც გუშინ დანილოს ტრანსფერმაც დაადასტურა.

შენიშვნა: სტატიაში მხოლოდ ნახევარმცველებსა და თავდამსხმელებზეა აქცენტი გაკეთებული (უცხოური წყაროდან გამომდინარე).

თეგები\"ვალენსია”
0.116119