მოლდოვის “საქსანის” ნახევარმცველმა ირაკლი გოგინაშვილმა, რომელმაც საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში შეკრება თურქეთში გაიარა, თავისი კლუბის ვებგვერდთან საუბრისას აღნიშნა, რომ ალექსანდრე ჩივაძის მიერ გაწვრთნილ გუნდში კარგი ატმოსფეროა.
- ორი დღეა თურქეთიდან დაბრუნდით, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ივარჯიშეთ და ითამაშეთ. ამ შეკრების შესახებ უფრო დაწვრილებით მოგვიყევით...
- საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თურქეთში ერთკვირიანი შეკრება გაიარა, რომლის დროს ორი ამხანაგური მატჩი უნდა ჩაგვეტარებინა უკრაინასთან და ბოსნიასთან. პირველი მატჩი 2:1 მოვიგეთ და საგოლე გადაცემა გავაკეთა. ბოსნიასთან შეხვედრა იმიტომ არ ჩატარდა, რომ მეტოქე არ ჩამოვიდა.
- ბოსნიასთან თამაშის მაგივრად ივარჯიშეთ?
- არა, კიდევ ერთხელ უკრაინას შევხვდით. ამ შემთხვევაში სხვა ბიჭებმა ითამაშეს და 0:1 წავაგეთ.
- როგორც სჩანს ნაკრებში საკმაოდ მეგობრული კოლექტივია შეკრებილი. ერთმანეთს დიდი ხანია იცნობთ?
- დიახ, ჩვენ ძალიან მეგობრული გუნდის გვყავს. განვლილ შეკრებაზე 20 ფეხბურთელი იყო და ყველას კარგად ვიცნობ.
- საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშობდით, ხოლო ამჟამად მოლდოვის ნაციონალურ დივიზიონში გამოდიხართ. ამ ორი ჩემპიონატის შედარება შეგიძლიათ?
- საქართველოში უფრო ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ და მოთამაშეები ბურთს კარგად “გრძნობენ”. მოლდოვაში ფეხბურთელები უფრო მეტს დარბიან, ვიდრე საქართველოში. გუნდები ფიზიკურად ცოტა უკეთესად არიან მომზადებულნი.
- დაპირისპირება განსაკუთრებით რომელ მეტოქესთან გიჭირთ?
- სიმართლე გითხრათ, ვერც ვიხსენებ. თამაში როდესაც მიმდის, მნიშვნელობა არ აქვს მეტოქე ვინაა.
- თამაში როგორც მარცხენა, ასევე, მარჯვენა ნახევარმცველად და თავდასხმაშიც შეგიძლიათ. თავს ყველაზე კომფორტულად რომელ პოზიციაზე გრძნობთ?
- ბავშვობიდან მარცხნიდან ვთამაშობ და ყველაზე კომფორტულად თავს ამ პოზიციაზე ვგრძნობ, ხოლო თუ მწვრთნელი ცენტრში, მარჯვნივ ან თავდასხმაში დამაყენებს, ამ პოზიციებზეც ვითამაშებ.
- თანაგუნდელებიდან ყველაზე მეგობრული ურთიერთობა ვისთან გაქვთ?
- ამჟამად, გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა. ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ. ცალკეული სახელების თქმა არ მინდა, რადგან მეგობრული კოლექტივი გვყავს.
- თქვენს კარიერაში ყველაზე კურიოზული ფაქტი რა იყო?
- დაახლოებით 7 წლის წინ, ბავშვთა ერთ-ერთ ტურნირში ვთამაშობდით. მატჩი პატარა მოედანზე ჩატარდა. ფინალში გოლი ხელით გავიტანეთ, რაც მსაჯმა ვერ შეამჩნია. საბოლოო ჯამში ტურნირი მოვიგეთ. ეს ყველაზე კურიოზული შემთხვევა არაა, მაგრამ ახლა სხვას ვერ გავიხსენებ.
- ყველაზე არაორდინალური ნაბიჯი რაც ცხოვრებაში ჩაგიდენიათ?
- ფეხბურთში?
- ცხოვრებაში?
- ახლა არ მახსენდება.
- მაშინ, ფეხბურთში?
-5 წლის წინ ამხანაგურ მატჩს ვატარებდით და 3:0 ვიგებდით, ხოლო ჩვენ თავდამსხმელს პასის მიცემა არავისთვის სურდა. ამის შემდეგ მისთვის ბურთის ართმევა გადავწყვიტე.
- მერე გოლი გაიტანე?
- არ მახსოვს.
- სპორტულ პრესას კითხულობთ?
- სიმართლე გითხრათ არცთუ ხშირად.
- თვალს რომელ ევროპულ საფეხბურთო ჩემპიონატს ადევნებთ?
- “ბარსას” თამაში მომწონს. დრო როდესაც მაქვს ამ გუნდის მატჩებს ყოველთვის ვუყურებ.
- ზამთარში გუნდი ჩადირ-ლუნგუში გადავიდა. ქუჩაში გულშემატკივრები გცნობენ?
- ჩადირ-ლუნგუში ძალიან კარგი გულშემატკივრები არიან. სტადიონი ყოველთვის სავსეა. ფეხბურთელისთვის მთავარია, როდესაც გულშემატკივრები მატჩზე მიდიან და გუნდს მხარს უჭერენ. ქუჩაში ყველა გვცნობს და ჩვენთვის ეს სასიამოვნოა.