მაიამის “მასტერზ1000”-ის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი მიმდინარე შეჯიბრების მეოთხედფინალში უკრაინელი ალეკსანდრ დოლგოპოლოვის 6:7, 7:5, 6:0 ძლევის შემდეგ გავიდა. ამ ეტაპზე “ნოლეს” მეტოქე ესპანელი დავიდ ფერერი იქნება, რომელმაც ფრანგ ჟილ სიმონს სძლია.
ჯოკოვიჩისა და დოლგოპოლოვის მატჩი თითქმის 2 საათს გაგრძელდა. 27 წლის სერბმა 7 ბრეიკის რეალიზება მოახერხა და 9 ეისიც შეასრულა. საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში ჯოკოვიჩი მეოთხედ შეხვდა დოლგოპოლოვს და მეოთხედაც მოახერხა უკრაინელის დამარცხება.
მეოთხედფინალშია იაპონელი კეი ნიშიკორიც. აღმოსავლელმა ბელგიელ დავიდ გოფინს იოლად, 6:1, 6:2 მოუგო და ნახევარფინალში გასასვლელად ამერიკელ ჯონ იზნერს დაუპირისპირდება. იზნერმა მეტად რთული ორთაბრძოლა მოუგო კანადელ მილოშ რაონიჩს – 6:7, 7:6, 7:6. ნიშიკორიც რაც შეეხება, მან კარგად ისარგებლა მაიამიში შარშანდელი ფინალისტის რაფა ნადალის ადრეულ ეტაპზე წაფორხილებით და მომავალ ორშაბათს რეიტინგში მოწინავე ოთხეულში დაბრუნდება, რაფა კი მეხუთე საფეხურამდე დაქვეითდება.
შოტლანდიელმა ენდი მარეიმ მერვედფინალში სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს 6:4, 3:6, 6:3 სძლია და პროფესიული კარიერის განმავლობაში 500-ე მოგება იზეიმა. მოქმედ ჩოგბურთელთაგან მარეიზე მეტი გამარჯვება როჯერ ფედერერს (1012), რაფა ნადალს (721), ნოვაკ ჯოკოვიჩს (625), დავიდ ფერერს (623), ლეიტონ ჰიუიტს (612), ტომი ჰაასს (561), ტომაშ ბერდიხს (506) და ტომი რობრედოს (505) აქვთ მოპოვებული.