ფეხბურთი

21:44 | 31.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალია VS ინგლისი - ისტორიიდან...

დღეს, იტალიის ჩრდილოეთით ნისლიან ტურინში, დიდი ტრადიციების მქონე ნაკრებთა ჯახია, ოღონდ ამხანაგური ჯახი. “იუვენტუს სთედიუმზე” იტალიის ნაკრები ინგლისის ნაკრებს მასპინძლობს.

დღეისათვის არცერთი გუნდი ოქროს ხანას არ განიცდის და პრობლემებიც მრავლად აქვთ მოძალებული, მაგრამ ეს არაა ის მიზეზი, ამ მატჩს ინტერესმოკლებული რომ ეწოდოს.

აპენინელთა და ალბიონელთა ისტორიული დაპირისპირება მრავალ მატჩს იტევს, თუმცა ჩვენ ახლა “სკუადრა აძურასა” და “ლომების” ბოლო წლების დაპირისპირებებს მოკლედ გადავავლებთ თვალს და კიდევ ერთხელ გავიხსენებთ იმ დაუვიწყარ მატჩებს, რომლებიც ამ ორი უდიდესი და განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფიის მქონე ნაკრებებს შეუთავაზებიათ გულშემატკივართათვის.

იტალია – ინგლისი 2:1 (მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი, ჯგუფური ეტაპი. მანაუსი, ბრაზილია)

ბოლოს იტალიისა და ინგლისის ნაკრებები ერთმანეთის პირისპირ გასული წლის ზაფხულში ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე წარსდგნენ. მაშინ, ჯგუფური ეტაპის საწყისი მატჩი სამხრეთელებმა მოიგეს, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ქვეჯგუფიდან გასვლა ვერცერთმა მათგანმა შეძლო. მანაუსში გამართული შეხვედრა კი ჩეზარე პრანდელის დამოძღვრილმა გუნდმა კლაუდიო მარკიზიოსა და მარიო ბალოტელის გოლების წყალობით მოიგო. ამ გოლთა შორის, ერთი ხანობა დანიელ სტარიჯმა ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა, თუმცა ეს ინგლისელებს არაფერში წაადგათ.

ინგლისი – იტალია 2:1 (ამხანაგური მატჩი, 2012 წელი. ბერნი, შვეიცარია)

ინგლისის ნაკრებმა იტალიელებს ბოლო ამხანაგური მატჩი 2012 წლის აგვისტოში მოუგო. შესუსტებული შემადგენლობით მოასპარეზე ევროპის ვიცე-ჩემპიონმა გამოცდილი დანიელე დე როსის გოლით დაწინაურება შეძლო, თუმცა ფილ იაგიელკამ მალევე გაათანაბრა, ხოლო თამაშის მიწურულს ჯერმეინ დეფომ გამარჯვება “ლომებს” მოუტანა.

ინგლისი – იტალია 0:0 (2:4, პენ) (ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალი. კიევი, უკრაინა)

ინგლისელთა და იტალიელთა გზები 2012 წლის ევროპირველობაზეც გადაიკვეთა. ამჯერად პლეი-ოფის პირველ ეტაპზე. მატჩი აპენინელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა, მაგრამ “სკუადრა აძურას” ფეხბურთელებმა გოლის გატანა ვერც ძირითად 90 და ვერც დამატებით 30 წუთში შეძლეს. გამარჯვებულის გამოსავლენად კი მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერია გახდა საჭირო. პენალტები უკეთ იტალიელებმა შეასრულეს. გადამწყვეტი დარტყმა კი გენიალური ანდრეა პირლოს თერთმეტმეტრიანი გამოდგა, რომელმაც ინგლისელი ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად გატეხა.

ინგლისი – იტალია 1:2 (ამხანაგური მატჩი, 2002 წელი. ლიდსი, ინგლისი)

2012 წლის ევროპის ჩემპიონატამდე იტალიას და ინგლისს ერთმანეთში 10 წელი არ ჰქონდათ ნათამაშები. მათი ბოლო შეხვედრა კი 2002 წლის გაზაფხულით თარიღდებოდა, როცა ლიდსში “ელან როუდზე” ამხანაგური მატჩი გაიმართა. თავიდან რობი ფაულერმა სვენ გორან ერიქსონის გუნდი დააწინაურა, მაგრამ იმ დღეს იტალიელთა თავდამსხმელის, ვინჩენცო მონტელას დღე იყო, ვინაც დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს პრინციპულ მეტოქესთან მოაგებინა.

იტალია – ინგლისი 1:0 (ამხანაგური მატჩი, 2000 წელი. ტურინი, იტალია)

როგორც დღეს, ასევე 2000 წლის თებერვალში, ტურინმა უმასპინძლა ამხანაგურ შეხვედრას, ოღონდ მაშინ სტადიო “დელე ალპიმ”. იმ დღეს იტალიის ნაკრებს ახალგაზრდა ჯენარო გატუზომ მოაგებინა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზი გოლი გაიტანა. სხვათა შორის ეს გატუზოს პირველი გოლი იყო ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

იტალია – ინგლისი 0:0 (1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. რომი, იტალია)

იტალიისა და ინგლისის ნაკრებები 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ერთ ქვეჯგუფში იმყოფებოდნენ. მაშინ იტალიელებმა შესარჩევი ეტაპი წაუგებლად განვლო, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც ინგლისის ნაკრები გავიდა. რომში, “ოლიმპიურ სტადიონზე” გამართული შეხვედრა, რომელიც უგოლოდ დასრულდა გლენ ჰოდლის გუნდს აძლევდა ხელს. ინგლისმა ამ მატჩის შემდეგ, საფრანგეთის მუნდიალის საგზური დაიბევა, იტალია კი პლეი-ოფში გადაერთო, სადაც მოგვიანებით რუსეთის ნაკრებს აჯობა.

ინგლისი – იტალია 2:0 (ნანტი, 1997 წელი, საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირი. ამხანაგური მატჩი)

1997 წელს კონფედრაციის თასის ნაცვლად მომავალი მუნდიალის მასპინძელმა საფრანგეთმა ოთხთა ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც ფრანგების გარდა, ბრაზილიელები, ინგლისელები და იტალიელები მონაწილეობდნენ. ალბიონელთა და აპენინელთა მატჩი კი ინგლისმა დამაჯერებლად, ანგარიშით 2:0 მოიგო. იან რაიტმა და პოლ სქოულზმა “აძურას” თითო ტაიმში თითო გოლი აკმარეს.

ინგლისი – იტალია 0:1 (1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. ლონდონი, ინგლისი)

საფრანგეთში მიმავალ გზაზე ინგლისმა და იტალიამ თავდაპირველად “უემბლიზე” ითამაშეს. გამარჯვება ჩეზარე მალდინის გუნდს ერგო წილად. 3 ქულის მომტანი გოლი კი ლონდონის “ჩელსის” ახალწვეულმა იტალიელმა ჯანფრანკო ძოლამ გაიტანა. როგორ შემდგომ გაირკვა, ეს ერთადერთი მარცხი იყო იმ შესარჩევ ციკლში, რომელიც ინგლისელებმა განიცადეს.

იტალია – ინგლისი 2:1 (მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატი, მე-3 ადგილისთვის მატჩი. ბარი, იტალია)

1990 წლის მუნდიალს იტალიამ უმასპინძლა და მიზნად მხოლოდ ოქროს მედლებს ისახავდა. აძელიო ვიჩინის გუნდი ნახევარფინალამდე დასახული მიზნისკენ დამაჯერებლად მიიწევდა, თუმცა არგენტინელთა ბარიერი მათთვის დაუძლეველი აღმოჩნდა. “სკუადრა აძურამ” პენალტების სერიაში წააგო. იგივე ბედი ეწია ინგლისის ნაკრებს, რომელმაც იმავე ლატარიაში გერმანელებს ვერ აჯობა. საბოლოოდ, გუნდებმა მხოლოდ მე-3 ადგილისთვის ითამაშეს. ბარიში, “სან ნიკოლას” სტადიონზე გამართული შეხვედრა მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. იტალიელეთაგან თავი რობერტო ბაჯომ და ტოტო სკილაჩიმ გამოიჩინეს, ხოლო ინგლისელებისგან დევიდ პლატმა.

0.163802