მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ვთბ-ლიგაში მორიგი იოლი გამარჯვება (102:67) იზეიმა, რაშიც თავისი წვლილი საქართველოს ნაკრების კალათბურთელმაც შეიტანა.
ჩეხურ “ნიმბურკთან” საშინაო მატჩში მანუჩარი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17:39 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მცველმა 2-ვე ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. საინტერესოა, რომ მარკოიშვილმა 10-ვე ქულა დასკვნით მეოთხედში მიითვალა.
მოსკოველთა მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა განაცხადში მყოფ 12-ვე კალათბურთელს დრო ლამის თანაბრად გადაუნაწილა, რაც მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მოულოდნელი არ ყოფილა.
საბოლოოდ, ანდრეი კირილენკომ 14 ქულა ჩააგდო, ნანდო დე კოლომ – 13, მილოშ ტეოდოსიჩმა და ალექსანდრ კაუნმა – 12-12, ხოლო კაილ ჰაინსმა – 11. აღსანიშნავია, რომ რუსულმა გრანდმა 24-დან 15 სამქულიანი (62%) გამოიყენა, რაც დიდებული შედეგია.
ცსკა-მ 24 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. მოსკოველებს მომდევნო ნატჩი 6 აპრილს, კვლავ შინ, ლევან ფაცაციას ყოფილ კლუბ “ნიჟნი ნოვგოროდთან” უწევთ.