4 მოგებით და 1 მარცხით დაასრულა ევროპის ახალგაზრდული ლიგის ლატვიური ეტაპი საქართველოს 14-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა ქალაქ ვენტსპილსში ჩატარებულ ევროპის ლიგის მე-3, დასკვნით ეტაპზე ყველა მეტოქეს იოლად მოუგო და მხოლოდ ერთი შეხვედრა, ისიც მასპინძლებთან და დამატებით დროში დათმო.
ქართველებმა ორ რუსულ გუნდს - „ვასილოოსტროვსკაიას" და „ენისეის" ჯამში 46 ქულით მოუგეს, რის შემდეგაც დამატებით დროში წააგეს ვენტსპილსის „სპარსთან". ქორქია-მაისურაძის გუნდმა შემდეგ სომხები გაანადგურა, გუშინ კი, ეტაპის დასკვნით მატჩში პოლონური „პომერანია" დაამარცხა – 92:46.
პოლონელებთან მატჩში 22 ქულით ბომბარდირი რატი ანდრონიკაშვილი გახდა, 14 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა მიხეილ ზურაბაშვილმა, 13 ქულით დაასრულა მატჩი ვალერი ჩხიტუნიძემ.
ამით, საქართველოს ნაკრებმა დაასრულა ევროპის ახალგაზრდული ლიგის გათამაშებაში ასპარეზობა. ჩატარებული 15 მატჩიდან ქართველებმა 10 მოიგეს და 5 წააგეს.
ეს შედეგი აკმარისი არ აღმოჩნდა სუპერფინალში გასასვლელად, თუმცა, ნოდარ ქორქიას გუნდმა ევროპის ლიგის უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და მომავალ სეზონში ერთ-ერთ ეტაპსაც უმასპინძლებს.
www.gbf.ge