უელსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა სტუმრად ისრაელის 3:0 დამარცხებისა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის “ბ” ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შემდეგ, თავისი შეგირდები შეაქო.
“ჩვენ თამაშის ტემპს ვაკონტროლებდით და დიდებული შეხვედრა ჩავატრეთ. მეტოქეს კარგი გუნდი ყავს და ისრაელიც არაა ადვილად სათამაშო ადგილი, მაგრამ მასპინძელთა გულშემატკივრების დიდი არმიის წინაშე სიმშვიდე და თავდაჯერებულობა შევინარჩუნეთ. საწყისი ხუთი მატჩის შემდეგ ჩვენი მიზანი იყო, რომ სატურნირო ცხრილის სამეულში ვყოფილიყავით და ჩვენსას მივაღწიეთ. ჯერჯერობით მხოლოდ ნახევარი გზა გავიარეთ, მაგრამ გუნდი პროგრესირებს და ეს იმედის საფუძველს იძლევა.” - განაცხადა ნამატჩევს კოულმენმა.
განვლილი ხუთი მატჩიდან უელსმა სამი მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და 11 ქულით პირველ ადგილზეა. ის მეორე ადგილზე მყოფ ისრაელს ორი, ხოლო ბელგიას სამი ქულით უსწრებს, ოღონდ ამ გუნდებს 4-4 თამაში აქვთ ჩატარებული. კოულმენი ვარაუდობს, რომ შესარჩევი ეტაპის მეორე ნაწილში, უელსს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად 9 ქულაც ეყოფა.
“ძალიან უიღბლო უნდა იყო, 20 ქულით პირველ-მეორე ადგილებზე რომ ვერ გახვიდე. ჩვენ გვაქვს შანსი იმის დამტკიცებისა, რომ 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, უელსს ახლა უძლიერესი გუნდი ყავს” - აღნიშნა მწვრთნელმა.