ძიუდო

21:37 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარგიანის ბრინჯაოს გრან პრი

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა უშანგი მარგიანმა სამსუნის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 120 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

თბილისის გრან პრის ფინალისტმა თურქულ ტატამზე რეპეშაჟის ფინალში მონღოლი უუგანბაატარ ოტგომბაატარ მეოთხე წუთზე შესრულებული სუფთა გდებით დაამარცხა.

დამამშვიდებელ ეტაპზე მარგიანი მსოფლიოს ფრანგ ჩემპიონთან – ლუის პიეტრისთან ოთხი გაფრთხილებით წაგების შემდეგ გადაერთო. იქამდე კი სამი მეტოქე ჩამოიშორა. პორტუგალიელი კარლოს ლუზი შიდოთი, ხოლო ჩეხი იარომირ მუსილი და ბელგიელი ჟოაკიმ ბოტიო – იპონ-იპონ.

81 კილოგრამში საქართველოს სახელით ზებედა რეხვიაშვილმაც იჭიდავა, მაგრამ საღამოს პროგრამაში ვერ მოხვდა.

რუმინელ ვლად ვისანს წუთსა და 42 წამში მოუმთავრა საქმე. მეორე წრეში ლატვიელ კონსტანტინს ოვჩინიკოვსს შიდოს უპირატესობით გასცდა. ტურნირს კი მერვედფინალიდან გამოეთიშა, ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერთან წაგებით.

დღესვე მედლები 73 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა და თბილისის გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორ ნუგზარ ტატალაშვილს საპრიზო სამეულამდე ათიოდ წამი დააკლდა. რეპეშაჟის ფინალში ქართველი ძიუდოისტი არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელით მოჭიდავე ვიქტორ სკვორტოვს შიდოს უგებდა და ზედ საფინალო გონგისას შებოჭვაზე მოჰყვა. შედეგად, მეხუთე ადგილს და 60 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.

ძირითად ბადეში გამოსვლა ტატალაშვილმა რუმინელი დან ფასიეს იპონით ძლევით გახსნა. ბერძენ გიორგიოს აზოიდისს ვაზარით გასცდა. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი კი თურქ ჰასან ვანლიოღლუსთან სუფთად წაგებით დაკარგა. დამამშვიდებელ ეტაპზე, სკვორტოვთან დაჭიდებამდე, აზერბაიჯანელ ჰუსეინ რაჰიმლის ვაზარით აჯობა.

73 კილოგრამში საქმეში ზვიად კაპანაძეც ჩაერთო, მაგრამ მხოლოდ პირველი მეტოქის – უზბეკი სარვარ შომუროდოვის იპონით ძლევა შეძლო. პორტუგალიელ ანდრე ალვეშთან კი უილეთო შეხვედრაში ერთი გაფრთხილებით დამარცხდა.

ხვალ გრან პრის ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა შორის დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში: 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს ნაკრებს კი მონაწილეები მხოლოდ ორ უმძიმეს წონაში ეყოლება. 100 კილოგრამში ტატამზე ალექსანდრე მსხალაძე და ალექსანდრე ზაალიშვილი გავლენ, +100 კილოგრამში – გუგა კიბორძალიძე და გიორგი ბოლოთაშვილი.

ძიუდო. გრან პრი. სამსუნი

28 მარტი

კაცები

73 კგ

1 რუსტამ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)

2 ჰასან ვანლიოღლუ (თურქეთი)

3 დექს ელმონი (ჰოლანდია)

3 ვიქტორ სკვორტოვი (აგს)

5 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

81 კგ

1 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)

2 სერგიუ ტომა (აგს)

3 უშანგი მარგიანი (საქართველო)

3 საეიდ მოლაეი (ირანი)

0.137867