ფეხბურთი

20:21 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

20 წლის წინათ

ეს, მერე შევეჩვიეთ თბილისში დიდი გუნდების სტუმრობას: ინგლისი, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი... ამათთან მატჩებზეც ივსებოდა სტადიონი და იყო ერთი ვნებათაღელვა. მაგრამ რაც ზუსტად 20 წლის წინათ გერმანიის სტუმრობისას ხდებოდა, აღარასოდეს განმეორდება.

მაშინ თბილისს გერმანიის ნაკრები ეწვია. გფრ-ის ნაკრებს თბილისში მანამდეც ეთამაშა, 1979 წელს, მაგრამ ეს საბჭოთა კავშირის ნაკრების წინააღმდეგ იყო. ახლა კი, მრისხანე ბუნდესნაკრებს ჯერაც ჩვილი საქართველოს ეროვნული გუნდი უნდა დაპირისპირებოდა, რომლისთვისაც ევრო 96-ის შესარჩევი ციკლი პირველი ოფიციალური ტურნირი იყო.

შემოდგომაზე ზედიზედ ორმა გამარჯვებამ (უელსთან და ალბანეთთან) ეშხში შეგვიყვანა, მადაზეც მოვედით და ჯგუფიდან გასვლაზეც დავიწყეთ ფიქრი. ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოგვდევდა ინერციით, რომ ყველას დამარცხება შეგვეძლო.

აღარასოდეს განმეორდებაო თავში ვთქვით და აი რატომ: ამ თამაშს მთელი საქართველო ზამთრიდან ელოდა. უშუქო, უტრანსპორტო, გაყინულ და მშიერ თბილისში გერმანელების ჩამოსვლა რაღაც ფანტასტიკურ მოვლენას ჰგავდა, თითქოს სხვა, მდიდარი, მაძღარი, ლაღი, განათებული და მოწესრიგებული სამყაროს თანაზიარი უნდა გავმხდარიყავით. ამიტომაც იყო, თან ველოდით და თან ბოლომდე არც გვჯეროდა, რომ ასეთი გუნდის ჩვენს დედაქალაქში ჩამოსვლა საერთოდ შესაძლებელი იყო. ცხადია, აქ მხოლოდ ფეხბურთზე არ იყო საქმე, თითქოს ორი ცივილიზაცია უნდა შეხვედროდა ერთმანეთს. ამიტომაცაა, რომ მატჩისწინა მოლოდინი უფრო კარგად დამამახსოვრდა, ვიდრე მატჩი.

გერმანელები საღამოსკენ ჩამოფრინდნენ თბილისში, თან ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანეს, ძირითადად მედიკამენტები და თბილისის საავადმყოფოებს გადასცეს. სასტუმრო ”მეტეხში” დაბინავდნენ. ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი მათ აეროპორტში დავხვდით და შემდეგ სასტუმროშიც გავყევით. ცხადია, ყველას გვინდოდა ვარსკვლავებთან თუნდაც წუთით გასაუბრება. მახსოვს, მთარგმნელი გოგონას მეშვეობით მათ მაშინდელ მთავარ მწვრთნელს, ბერტი ფოგთსს ხუთი თუ ექვსი კითხვა დავუსვი და იმ მომენტში თავი მსოფლიოში ყველაზე მაგარი ჟურნალისტი მეგონა. ახლა ეს ძალიან გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ მაშინ ასე იყო.

სასტუმროს გარეთ უამრავი ავტოგრაფების მომლოდინე ბიჭ-ბუჭები ტრიალებდნენ, ყველაზე ყოჩაღებს კი ფოიეშიც შემოეღწიათ. ჩვენდა გასაკვირად, გერმანელი ფეხბურთელები ძალიან თავაზიანად და თავმდაბლურად იქცეოდნენ, რამაც მათ მიმართ კიდევ უფრო მეტი სიმპათიით განგვაწყო. ძნელი წარმოსადგენი არ არის რა შთაბეჭდილება დარჩებოდათ მაშინ ჩვენს ქალაქზე. მით უმეტეს, მეორე დღეს ისინი ისანში, ”შევარდენის” მინგრეულ-მონგრეულ სტადიონზე ავარჯიშეს.

ჩვენი ნაკრები დიღმის ბაზაზე ემზადებოდა და გარედან მათ უამრავი ავტომატიანი ადამიანი იცავდა. საერთოდ, იმ ხანებში ავტომატიანების სიმრავლე ყველგან შეიმჩნეოდა, სტადიონზეც. კიდევ მახსოვს თამაშის დაწყების წინ მთავარ შესასვლელთან ცხენოსანი პოლიცია იდგა და ხალხს წესრიგისკენ მოუწოდებდა. მერე სტადიონი გაივსო. ამდენი მაყურებელი “დინამოზე” ალბათ არასოდეს ყოფილა. კიდევ ერთი ფენომენი: დაახლოებით 100 ათასი ადამიანი და სიჩუმე ტრიბუნებზე. სიჩუმე, რომელიც ხანდახან უხერულობაშიც იზრდებოდა. ესეც მაშინდელი მძიმე წლების სარკე გახლდათ. ომმა და გაჭირვებამ ადამიანებს საკუთარი თავის რწმენა დაუკარგა.

როგორც ყოველთვის, არეულობა იყო პრესლოჟაში. აკრედიტაციები დანომრილი გვქონდა, მაგრამ ამავე ადგილებზე მოსაწვევებიც დაერიგებინათ და უკვე ჰიმნები სრულდებოდა, როცა ლოჟაში ერთი გაწევ-გამოწევა გაჩაღებულიყო.

მატჩის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე მინდორზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გამოჩდნენ, ცოტა ხანში მათ გერმანელებიც მოჰყვნენ. ორივე გუნდის ამ ათწუთიანმა “გასეირნებამ” ნათლად დაგვანახა თუ რა დაძაბულები იყვნენ მოთამაშეები. განსაკუთრებით ქართველები. ძალიან ნერვიულობდნენ, რამაც, საბოლოოდ დიდი როლი ითამაშა მათ დამარცხებაში.

სტუმრებმა თავიდანვე პრესინგს მიმართეს და პრაქტიკულად, ამით გადაწყვიტეს ტექნიკური ქართველების პრობლემა. ორივე გოლი მაშინ დიდებულ ფორმაში მყოფმა იურგენ კლინსმანმა გაგვიტანა. ჩვენც გვქონდა ერთი რეალური საგოლე მომენტი, როცა შოთა არველაძე მეკარესთან დარჩა პირისპირ, მოატყუა კიდეც მაგრამ მისი დარტყმული გარედან მოხვდა კარის ბადეს.

რა შეიცვლებოდა შოთას რომ გაეტანა? ალბათ არაფერი. აკი, ჩვენებურთა მაშინდელმა დამრიგებელმა, ალექსანდრე ჩივაძემ თქვა კიდეც ახალგაზრდა საქართველოს ნაკრებისთვის გერმანელებთან თამაში დიდი სკოლა იყოო.

და კიდევ, მეორე ტაიმის დასაწყისში მთელს თბილისში შუქი გამოირთო. დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში მხოლოდ სტადიონი იყო განათებული.

ამის შემდეგ ქართველები გერმანელებს კიდევ ორჯერ შეხვდნენ. იმავე 1995 წლის 6 სექტემბერს, ნიურნბერგში 1:4 წავაგეთ, ხოლო 2006 წლის 7 ოქტომბერს როსტოკში, ამხანაგურ მატჩში 0:2 დავმარცხდით.

0.245459