საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთში დაწყებული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ირლანდია დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
მატჩში ანგარიში გელა აფრასიძემ გახსნა, რომელმაც საჯარიმოს გატანა მოახერხა, მალევე ანგარიში 3:3 გახდა, რასაც ირლანდიელებმა ლელოც მიაყოლეს და ტაიმი 3:8 დასრულდა.
მე-2 ნახევარში ქართველმა “ბორჯღალოსნებმა” მოლი ააგორეს, რომელსაც ლევან ჭავჭავაძე მოსწყდა და ლელო დადო – 8:8.
საბოლოოდ, მატჩის 70 წუთი (ტაიმები 35-წუთიანი გახლდათ) ასევე მიილია და გამარჯვებულის გამოსავლენად ხუთ-ხუთი დარტყმა დაინიშნა. ქართველთაგან ზუსტად შოთა არეშიძემ, მირიან მოდებაძემ და დავით მოძღვრიშვილმა დაარტყეს, რასაც მეტოქემ ერთადერთი შედეგიანი ცდით უპასუხა და 3:1 ვიმარჯვეთ.
31 მარტს, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, ქართველი მორაგბეები იტალიას ეთამაშებიან, რომელმაც უელსს ასევე სენსაციურად – 14:13 სძლია.
მე-2 ნახევარფინალში ინგლისი და საფრანგეთი გაირჯებიან. ინგლისელებმა პორტუგალია 85:5 გაანადგურეს, საფრანგეთმა კი შოტლანდიას 22:10 მოუგო.