ქუთაისში გამართულ საკალათბურთო სუპერლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში ადგილობრივმა ,,ქუთაისმა" თბილისის ,,მგზავრები არმიას" უმასპინძლა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე რიონისპირელებს გამარჯვება არ უნდა გასჭირვებოდათ, თუმცა ,,მგზავრებმა" არაერთხელ დაგვარწმუნეს, რომ მათ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ყველა გუნდთან ტოლ - სწორად თამაში შეუძლიათ.
შეხვედრას საკმაოდ ბევრი მაყურებელი დაესწრო. ტრიბუნები თითქმის ბოლომდე შეივსო და თავისუფალი ადგილის პოვნა ჭირდა. კალათბურთელებმა ქომაგებს მოლოდინი გაუმართლეს და მატჩზე დამსწრე გულშემატკივრებს საკმაოდ საინტერესო სანახაობა შესთავაზეს.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ისინი საწყის წუთებშივე დაწინაურდნენ. ქუთათურთაგან ბოლო დროს კარგად ათამაშებული სენეგალელი აბდულა ნდოე გამოირჩეოდა, რომელმაც რამდენიმე ეფექტური ჩატენვით გულშემატკივართა ოვაცია დაიმსახურა.
რიონისპირელებმა განსაკუთრებით ძლიერად შეხვედრის მეორე მეოთხედი ჩაატარეს, მათ მეტოქეს (13:0) გაქცევა მოუწყვეს და მატჩში ყველაზე დიდი 22 ქულიანი სხვაობით დაწინაურდნენ. დროის ამ მონაკვეთში სხვებზე უკეთ ზაურ ფაშაევი და გიგი ბარბაქაძე გაისარჯნენ, რომლებიც ზუსტი ტყორცნებით ქულას ქულაზე აგროვებდნენ.
მატჩის მეორე ნახევარი განსხვავებული სცენარით წარიმართა. ეტყობა ქუთათურებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და ცოტათი მოეშვნენ. ამით კარგად ისარგებლეს ,,მგზავრებმა". ამერიკელი ლეგიონერების მეშვეობით ისინი მეტოქეს (14:0) გაექცნენ და ანგარიშში ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს.
იგრძნეს რა მეტოქის სახიფათო მანძილზე დაახლოვება დასკვნით მეოთხედში რიონისპირელები ისევ სრული ძალით ათამაშდნენ. თავიდან ბოისა გამოირჩა, რომელმაც პერიმეტრიდან ზედიზედ ორი ზუსტი სამქულიანი ტყორცნა განახორციელა. მალე მას მხარი ასევე ორი სამქულიანით სარალიამ აუბა და მატჩის ბედიც პრაქტიკულად გადაწყდა.
შეხვედრის ბოლოს ,,მგზავრებმა" ერთი კიდევ გაიბრძოლეს, თუმცა ქუთათურებმა თავი კარგად დაიცვეს და შეხვედრა გამარჯვებამდე უპრობლემოდ მიიყვანეს.
აღნიშნულ მატჩში მასპინძელთაგან ორმაგი დუბლით აბდულა ნდოე გამოირჩა, რომელმაც 10 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა. თბილისელთაგან ორმაგი დუბლი 20 ქულით და 20 მოხსნით ამერიკელ მაკინს ჰქონდა. ხოლო მისმა თანამემამულემ ტამირ რაჰიმმა 18 ქულა მიითვალა და სულ ერთი მოხსნა დააკლდა ასეთივე შედეგამდე.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:
მალხაზ კოხრეიძე (,,ქუთაისი-2010’’): ,,პრაქტიკულად მთელ გუნდს ვირუსული გრიპი ჰქონდა. ამას ჩვენი წამყვანი კალათბურთელების ბუბა კვიმსაძისა და გიგი ბარბაქაძის ტრამვები დაერთო და საგაზაფხულო ეტაპზე მატჩებისთვის მომზადება ძალიან გაგვიჭირდა. დადებითი შედეგის მიუხედავად გუნდი ჯერ კიდევ ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რასაც მისგან სამწვრთნელო შტაბი ვითხოვთ. იმედი გვაქვს მომდევნო მატჩებს გაცილებით უკეთ ჩავატარებთ".
ბუბა ბერიშვილი (,,მგზავრები არმია’’): ,,პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. მეორეში მდგომარეობა გამოვასწორეთ, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა, თანაც გუნდის ლიდერი რეზო ათანელიშვილი გვაკლდა. ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას."