ძიუდო

21:18 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩხვიმიანის ბრინჯაო და 120 ქულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამსუნის გრან პრის პირველ დღეს ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პოდიუმზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) ავიდა და 120 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.

ჩხვიმიანმა ტურნირი ალჟირელი მუჰამედ რებაჰის ვაზარით ძლევით გახსნა. მეორე წრეში გაცილებით ტიტულოვან მეტოქეს – ავსტრიელ ევროპის 2-გზის ჩემპიონ ლუდვიგ პაიშერს უილეთო შეხვედრაში, 4 გაფრთხილებით მოუმთავრა საქმე. ებრაელ ალონ რაჰიმას სამ წუთსა და 13 წამში გასცდა. ოქრო-ვერცხლის შანსი კი ქართველმა მსუბუქწონოსანმა მეოთხედფინალში დაკარგა, თბილისის გრან პრის ჩემპიონთან, უზბეკ შარაფუდინ ლუტფალიევთან წაგებით.

რეპეშაჟის ნახევარფინალში ჩხვიმიანმა პირველ ნომრად განთესილ მონღოლს - მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატის ფინალისტ ამარტუვშინ დაშდავაას შიდოთი აჯობა. "ბრინჯაოს ფინალში” კი კიდევ ერთ უზბეკს – დიორბეკ უროზბოევს საფინალო გონგამდე ხუთიოდ წამით ადრე აღებული იუკოთი სძლია.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ტრისტან ფეიქრიშვილს პოდიუმამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ძირითად ბადეში გამოსვლა მან მეოთხედფინალით დაასრულა და ლუხუმ ჩხვიმიანის მსგავსად, მისთვისაც უზბეკი ძიუდოისტი აღმოჩნდა დაუძლეველი ზღუდე – მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი რიშოდ სობიროვი. ამ შეხვედრამდე ფეიქრიშვილმა სამი მეტოქე ჩამოიშორა. თურქმენ მუჰამეტ არტიკოვს სამი წუთი აკმარა. ბელარუს დმიტრი შერშანს ორი გაფრთხილებით გასცდა, ხოლო ყაზახ სერგეი ლიმს – მე-5 წუთზე შეუსრულა იპონი.

დამამშვიდებელ ეტაპზე პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი ჩარლეს ჩიბანა შებოჭა. მესამე ადგილისთვის კი რუსეთის ნაკრების წევრ აბდულა აბდულჯალილოვს დაეჭიდა და სუფთად დამარცხდა. მე-5 ადგილით ტრისტან ფეიქრიშვილმა 60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

დღესვე, სამსუნის ტატამზე კიდევ ორი ქართველი გავიდა. გიორგი ბროლაშვილმა (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი საწყის ეტაპზევე დაკარგეს. ბროლაშვილი პირველსავე წრეში, ერთი გაფრთხილებით დამარცხდა ესპანელ ხუაკინ გომესთან. მარგველაშვილს პირველი მეტოქე – ერაყელი მოჰამედ ალსაედი არ გამოუცხადდა, ხოლო მეორესთან – ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვთან ვეღარას გახდა.

60 და 66 კილოგრამებში სამსუნის გრან პრის ჩემპიონები ქართველი ძიუდოისტების მძლეველი უზბეკები გახდნენ.

ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები 73 და 81 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ნუგზარ ტატალაშვილი, ზვიად კაპანაძე (ორივე 73 კგ), უშანგი მარგიანი და ზებედა რეხვიაშვილი (ორივე 81 კგ).

ძიუდო

გრან პრი

სამსუნი

27 მარტი

კაცები

60 კგ

1 შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)

2 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

3 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

3 ცოგტბაატარ ცენდოჩირი (მონღოლეთი)

66 კგ

1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)

2 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

3 სერგიუ ოლეინიჩი (პორტუგალია)

3 აბდულა აბდულჯალილოვი (რუსეთი)

5 ტრისტან ფეიქრიშვილი (საქართველო)

0.127828