კალათბურთში საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის ბოლოსწინა მე-13 ტური ქუთაისსა და რუსთავში გაიხსნა. ქუთათურები ასპარეზობის ერთ-ერთ აუტსაიდერს “მგზავრები-არმიას” დაუპირისპირდნენ, ხოლო ქვემოქართლელებმა ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებულ “ოლიმპს” უმასპინძლეს. რაღა თქმა უნდა, ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ.
პროგნოზების საპირისპიროდ, რუსთავში “ოლიმპმა” პირველი მეოთხედი შესანიშნავად ჩაატარა და 6 ქულის სხვაობით 25:19 დაწინაურდა. ამის შემდეგ ქვემოქართლელები გამოფხიზლდნენ და თანდათან მოახერხეს მატჩის სადავეების ხელში ჩაგდება. მიხეილ ბერუაშვილის შეგირდებმა მომდევნო 3 მეოთხედი თავის სასარგებლოდ დაასრულეს და საბოლოოდ დიდი ანგარიშით 82:69 შეძლეს მეტოქის დამარცხება.
ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი “რუსთავის” უკანახაზელმა გიორგი ცეკვავამ აჩვენა, რომელიც 23 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. სტუმრების მხრიდან ყველაზე მეტი, 16 ქულა ცენტრალურმა თავდამსხმელმა მარკო დუიკოვიჩმა მიითვალა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.
“რუსთავი” – “ოლიმპი” 82:69 (19:25, 23:19, 22:14, 18:11)
რაც შეეხება “ქუთაისი-2010” – “მგზავრები-არმიას” შეხვედრას მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა 78:71.
“მსოფლიო სპორტი” დაწვრილებით ინფორმაციას ამ შეხვედრის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით.
1 | ქუთაისი | 13 | 10 / 3 | 1039 / 991 | 23 |
2 | დინამო | 12 | 10 / 2 | 985 / 841 | 22 |
3 | რუსთავი | 13 | 8 / 5 | 1084 / 1040 | 21 |
4 | შსს აკადემია | 12 | 8 / 4 | 940 / 877 | 20 |
5 | ოლიმპი | 13 | 5 / 8 | 1006 / 1056 | 18 |
6 | ბათუმი | 12 | 5 / 7 | 915 / 925 | 17 |
7 | მგზავრები-არმია | 13 | 2 / 11 | 875 / 1013 | 15 |
8 | სოხუმი | 12 | 2 / 10 | 921 / 1022 | 14 |