გია გეგუჩაძემ, რომელიც მიმდინარე სეზონში საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში “ზესტაფონში” მუშაობდა, პირველი ლიგის A ზონის ლიდერ “საბურთალოში” მორიგი სემინარი ჩაატარა. საბურთალოელთა პრესატაშე კახა მგელაძის ინფორმაციით, გეგუჩაძესა და ხსენებული კლუბის მწვრთნელებს შორის საუბარმა 90 წუთი გასტანა. ამჯერად, ბავშვთა ფეხბურთის პრობლემები და მწვრთნელების აღსაზრდელებთან ურთიერთობა განიხილეს.
გია გეგუჩაძე: “ქართულ ფეხბურთში და მითუმეტეს ბავშვთა ფეხბურთში სავალალო მდგომარეობაა. თუმცა, მწვრთნელებს გვაქვს შანსი, რომ თითო აგური მაინც დავდოთ წინსვლასა და განვითარებაში. საძირკველი ბავშვთა ფეხბურთში უნდა ჩაიყაროს. სწორი მიდგომისა და მუშაობის შედეგად, დროთა განმავლობაში გარკვეული წინსვლა აუცილებლად გვექნება.
პატარა ფეხბურთელთან მუშაობა სათუთი რამაა, მას მოფრთხილება სჭირდება. მწვრთნელებს, რომლებიც ბავშვებში მუშაობენ, გაქვთ საშუალება შეაყვაროთ სპორტის ეს სახეობა, ან პირიქით - შეაჯავროთ. ამიტომ, ისინი დადებითად რომ განვაწყოთ, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას უნდა დავფიქრდეთ, რამდენად სწორია ესა თუ ის გადაწყვეტილება. ბავშვების ბედი თქვენს ხელშია და ეს კარგად უნდა გაითავისოთ.
ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორები - ვარჯიშებზე საჭიროა მრავალფეროვნება, სხვა და სხვა სახის საწვრთნელი პროცესი, რათა ნორჩი თუ მოზარდი ფეხბურთელისთვის ეს ყოველივე მოსაბეზრებელი არ იყოს. ასევე, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მოედნის გარეთ ურთიერთობას, მათ სწავლასა და განათლებას. ხშირი უნდა იყოს კომუნიკაცია მწვრთნელებსა და ბავშვების მშობლებს შორის. ეს ფაქტორები შემდეგ ფეხბურთელზე დადებითად აისახება.
ჩემი სამწვრთნელო გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ პატარა ბავშვზე იმის თქმა, რომ ფეხბურთის თამაში არ შეუძლია და იმისგან არაფერი გამოვა, არ შეიძლება. რაც უფრო პატარა ასაკისაა ფეხბურთელი, გადაჭრით ვერ იტყვი ითამაშებს თუ არა მომავალში დიდ ფეხბურთს. აქედან გამომდინარე, მსგავსი შეფასება არ მიმაჩნია მართებულად”.