ფეხბურთი

17:02 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხორგუაშვილი მოლდოვაში “ჩაწყობილ” მატჩებთან კავშირს უარყოფს

ვალტერ ხორგუაშვილი ინტერნეტპორტალ moldfootball.com-ს დაუკავშირდა და მოლდოვის საფეხბურთო ჩემპიონატში ჩაწყობილ მატჩებთან რაიმე კავშირი უარყო.

მოლდოვის ნაციონალ დივიზიის განვლილ ტურში, “დაჩია” – “დინამო-ავტოს” მატჩის (6:2) შემდეგ, მოლდოვის კორუფციასთან ბრძოლის სამსახურმა 12 ადამიანი დააკავა, რომლებსაც მატჩების შედეგებით მანიპულირებაში დაადანაშაულეს.

ამის შემდეგ, მოლდოვურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჩაწყობილ” მატჩებთან კავშირი ძმებ ვალტერ და პავლე ხორგუაშვილებს აქვთ. ტყუპები ანალოგიური ბრალდებით 2011 წელს ფინეთში დააკავეს, მაგრამ ბრალი ვერ დაუმტკიცეს და სასამართლომ გაათავისუფლა.

ვალტერ ხორგუაშვილი: “მსურს კომენტარი გავაკეთო ეჭვების შესახებ, რომელიც ჩემს მიმართ წარმოიშვა. 2014 წლის ზაფხულში ტირასპოლში ჩავედი და “დინამო-ავტოში” ვისინჯებოდი. იქ თვენახევარი ვიყავი და კლუბში ფინანსური პრობლემების წარმოშობის შემდეგ წამოვედი. აგვისტოს შემდეგ აღარ ვყოფილვარ. ამის შემდეგ გავიგე საუბარი ამ სინდიკატებზე და ჩაწყობილ მატჩებზე, რომლებთან საერთო არაფერი მაქვს. მართალია, ტრავმა მაწუხებს, მაგრამ მოქმედი ფეხბურთელია ვარ და გავრცელებული ხმები ჩემთვის უსიამოვნოა. ამიტომ, მათი უარყოფა მსურს. 2 სინგაპურელთან კონტაქტი არასოდეს მქონია”.

- ძმასთან ერთად 2011 წელს მსგავს სკანდალში ფინეთში უკვე ფიგურირებდით. (მაშინ, სასამართლომ პავლე ხორგუაშვილის დანაშაული ვერ დაადასტურა, ხოლო ვალტერს ბრალი არ წაუყენეს. საქმეში მთავარი ეჭვმიტანილები ასევე სინგაპურის მოქალაქეები იყვნენ, რედ.)...

- ასეთი რამ იყო. 2011 წელს ფინეთში ვთამაშობდი და მე სხვა ბევრი ფეხბურთელის მსგავსად გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით დამკითხეს, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მაშინ, პირველ ლიგაში გავიმარჯვეთ და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოვიპოვეთ.

- მოლდოვის პოლიცია არ დაგკავშირებიათ?

- არა. ნებისმიერ დროს სასაუბროდ მზად ვარ. ტელეფონი ჩართული მაქვს.

0.065355