საქართველო, “შალკეს” ყოფილ ფეხბურთელ ყენიასთან ერთად, თბილისში გერმანიის წინააღმდეგ – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა საქართველოსთან ნაკრებთან 29 მარტს თბილისში გასამართი მატჩის წინ სტატია, სადაც გერმანელ გულშემატკივრებს გააცნო საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და გამორჩეული ფეხბურთელები.
გერმანელთათვის ქართველთაგან ყველაზე ცნობილი ლევან ყენიაა. “ჯვაროსნების” შემტევი “შალკესა” და დიუსელდორფის “ფორტუნაში” ასპარეზობდა, ამჟამად კი პრაღის “სლავიაში” ირჯება. გერმანელებმა დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველი ჯაბა კანკავაც გამოარჩიეს. უკრაინული კლუბის მოთამაშე ევროპის ლიგის მეოთხედფინალში გავიდა და ლოგიკურია ეროვნული ნაკრების კაპიტანი ცხადაძის რჩეულთა სიაში გერმანელებმა ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ მიიჩნიეს.
ლევანისა და ჯაბას გაცნობის შემდეგ აგრეთვე აღინიშნა, რომ საქართველოს მცირე შანსი აქვს 2016 წელს საფრანგეთში იასპარეზოს. ბოლოს კი გერმანელ გულშემატკივრებს ოფიციალურ ვებგვერდზე კახა ცხადაძის 23-კაციანი სია გააცნეს.