კალათბურთი

11:14 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას ორმაგი დუბლი და ბოლო წამებზე გამარჯვების მომტანი მოხსნა(+VIDEO)
ფაჩულიამ გუნდს 14 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი, 5 ჩაჭრა და 1 ბლოკი შესძინა

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” საკუთარ დარბაზში “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ზაზამ ორი მეტოქე მოატყუა, 2-ქულიანი ჩააგდო და ანგარიში 85:85 გახადა. შეხვედრის დასრულებამდე 10 წამი იყო დარჩენილი, “მაიამი 88:86 იგებდა, მილუოკელთა გამთამაშებელმა ჯერიდ ბეილესმა სამწამიანში შესვლა და ანაგარიშის გათანაბრება განიზრახა, მაგრამ ბურთი კალათში არ ჩავარდა. ამ დროს ზაზა ფაჩულიამ უმნიშვნელოვანესი ბურთი მოხსნა, კრის მიდელტონს უზუსტესი პასი გაუკეთა, რომელმაც 3-ქულიანი გაუშვა და მატჩის საფინალო სირენასთან ერთად ბურთი კალათში მოათავსა. საბოლოოდ “მილუოკლმა” 89:88 იმარჯვა.

ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 33 წუთი დაჰყო. ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 14 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი, 5 ჩაჭრა და 1 ბლოკი შესძინა. მან 11-დან 6 ორქულიანი ჩააგდო და 3-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ქართველ ცენტრს სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა, ხოლო ზაზამ მიმდინარე სეზონში მეთოთხმეტე ორმაგი დუბლი შეასრულა. ფაჩულიას პარკეტზე ყოფნის დროს “მილუოკლმა” “მაიამის” 18 ქულით მეტი ჩაუგდო, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებლია.

“მილუოკმა” მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, აქამდე ვისკონსინელებს ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდათ წაგებული. “ბაქსი” 35 მოგებით და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება. ზაზას გუნდი მერვეადგილოსან “ბოსტონს” 4 მოგებით უსწრებს, ასე რომ, “მილუოკს” პლეი-ოფი ჯერჯერობით განაღდებული არ აქვს.

0.144426