საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ 25 მარტს მალტასთან ამხანაგურ მატჩამდე “მიხეილ მესხზე” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდის სათამაშო სტილი შეიცვლება და ნებისმიერ შეხვედრაში გამარჯვებისთვის ითამაშებენ.
პრესკონფერენციის დაწყებამდე, ნაკრების პრესატაშე ოთარ გიორგაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” სამშაბათს გერმანიასთან მატჩზე დასაწრები ბილეთების გაყიდვის დროს წარმოშობილი ხარვეზისთვის ბოდიში მოიხადა.
კახა ცხადაძე: “ორშაბათს შევიკრიბეთ, მაგრამ ფეხბურთელების ნაწილი ღამით ჩამოფრინდა. სრული შემადგენლობით დღეს საღამოს ვივარჯიშებთ. დრო ძალიან ცოტა გვაქვს და მის გამოყენებას მაქსიმალურად ვეცდებით”.
- ორშაბათს მცირე ტრავმის გამო ჯანო ანანიძემ ვერ ივარჯიშა. მალტასთან და გერმანიასთან მატჩებისთვის მზად იქნება?
- ჯანო დღეს საღამოს ივარჯიშებს და ამის მერე გვეცოდინება, მალტასთან ითამაშებს თუ არა.
- გიორგი მერებაშვილმა განაცხადა, რომ ნაკრებში მისი არგამოძახება დამამცირებელი ფორმით მოხდა...
- არავითარ შემთხვევაში. თავდაპირველად გაფართოებული სია დავასახელეთ, რომელიც შევკვეცეთ და ის ვერ მოხვდა. მომავალში შანსი ექნება და იმედია, გამოიყენებს. მას წარმატებას ვუსურვებ.
- ეროვნული ნაკრები მომავალ მატჩებში რა სქემით ითამაშებს?
- ორ სქემას ვამუშავებთ. ხვალ დილას გადავწყვეტთ, რომელს ავირჩევთ. მალტას ვეთამაშებით, მაგრამ გერმანიაზე ვფიქრობთ. ძალიან ცოტა დროა და ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ. დღეს დილას ვარჯიში საათნახევარი გაგვიგრძელდა და ძირითადად ყურადღება ტაქტიკაზე გავამახვილეთ.
- მერებაშვილის თემა რომ გავაგრძელოთ. საქართველოს ნაკრებში პერმანენტულად მსგავსი პრობლემები რატომ წარმოიშვება?
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ფეხბურთელი არ გამოვიძახეთ, მაგრამ შანსი ყველას ექნება. ძალიან გთხოვთ ეს თემა აღარ გავაგრძელოთ.
- ნაკრების მზადების პროცესი როგორ მიმდინარეობს?
- ახალი მწვრთნელი მოვიდა და გუნდის ფილოსოფიაც ახალია. მჯერა, ფეხბურთელები იმ მოთხოვნებს აითვისებენ, რაც ჩვენ გვაქვს.
- შემტევ ფეხბურთს თუ ითამაშებთ?
- სქემა არ ნიშნავს, რომ გუნდმა მხოლოდ დაცვითი ან მხოლოდ შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. ეს მეტოქეზეა დამოკიდებული, რას შემოგვთავაზებს. მალტასთან თამაში განსხვავებული იქნება, ვიდრე გერმანიასთან. შეტევაზე ორიენტირებული ვიქნებით, მაგრამ მალტას სახიფათო კონტრშეტევები აქვს და ყურადღებით უნდა ვიყოთ.
- შარშან შემოდგომაზე ნაკრების მწვრთნელი ამბობდა, რომ შემტევი ფეხბურთელები არ გვყავს. გაზაფხულამდე რა შეიცვალა?
- შემტევი ფეხბურთელები გვყავს და მათ გამოვიყენებთ.
- ეს ნაკრები წინამორბედისგან რამდენად განსხვავებული იქნება?
- ვარჯიშის სტილი შეიცვალა და განსხვავებულად ვითამაშებთ. შევეცდებით საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინოთ.
- მალტასთან მატჩი ამხანაგურია, მაგრამ შედეგი რამდენად მნიშვნელოვანია?
- შედეგი და გამარჯვებისთვის ბრძოლა ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებულის ფსიქოლოგია ჩამოგვიყალიბდეს. ყველა მატჩში შედეგზე ვითამაშებთ.