საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ტულუზაში ჩავიდა, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ვალე დიუ ჟირუს (Vallee Du Girou) სამწვრთნელ ბაზაზე განაგრძობს.
ტულუზამდე უმცროსი “ბორჯღალოსნები”, 18 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით, კლერმონში იმყოფებოდნენ, სადაც ამავე კლუბის აკადემიის თანატოლთა გუნდთან საპრინგ-მატჩი გამართეს. ასევე დაგეგმილი იყო მეორე სპარინგის ჩატარება, მაგრამ მასპინძელთა თხოვნით, გუნდებმა რამდენიმე ერთობლივი ვარჯიში ჩაატარეს.
26 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით, ქართველი მორაგბეები 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონში იასპარეზებენ. წლევანდელი ტურნირი ტულუზაში რაგბი ევროპის ეგიდით სამხრეთ პირინეების (Midi-Pyrenees) რაგბის კავშირის ორგანიზებით იმართება.
შარშანდელი გათამაშების მსგავსად, 18-წლამდელები პირველ შეხვედრას ირლანდიის თანატოლთა ნაკრებთან გამართავენ. შეხვედრა ფრანგული მეორე ელიტარული დივიზიონის კლუბ “მონტობანის” სტადიონზე 27 მარტს ჩვენი დროით 22 საათზე დაიწყება.
საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, გვარდება მატჩების სთრიმის ტექნიკური საკითხები, რომლის გარკვევის შემდეგ სთრიმის ბმულს შემოგთავაზებთ.
ტურნირში მონაწილე გუნდები: საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია, საქართველო, პორტუგალია.