საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარის გიორგი ლორიას შეძენა პაოკ-ს სურდა, მაგრამ ამჯერად მოლაპარაკება შეჩერებულია. ინტერნეტპორტალ gazzetta.gr-ის ინფორმაციით, ლორიამ ოფი-ს რიგებში საბერძნეთის ჩემპიონატში თავი კარგად წარმოაჩინა და პაოკ-ი დააინტერესა.
ხსენებული კლუბის ტექნიკური დირექტორი ზიზის ვრიზასი ლორიას მომავალი თანამშრომლობის თაობაზე დაეკონტაქტა. თუმცა, ვრიზასმა კლუბში თავისი თანამდებობა დატოვა და მოლაპარაკებაც შეჩერებულია. პაოკ-ში ჯერ იმის გარკვევას ელიან ვინ იქნება მომავალი ტექნიკური დირექტორი.
თავის მხრივ sport24.gr-ი იუწყება, რომ ლორიას მენეჯერმა პირველ ლიგაში მოასპარეზე აეკ-ს, რომელიც სუპერლიგაში გადასვლას ლამობს და თავის დროზე ქართველის გადაბირება სურდა, ორჯერ მიმართა. თუმცა, აეკ-ს უკვე სხვა პრიორიტეტები აქვს.
თავად საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ლორია ოფი-ში თანაგუნდელებსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს დაემშვიდობა. ის კრეტულ გუნდში დაბრუნებას აღარ გეგმავს.