ფეხბურთი

16:27 | 23.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველია: “ ბერდიევს პატივს ვცემ, თუმცა...”

რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში “როსტოვთან” სახლში მოგებული (2:0) მატჩის შემდეგ, ყაზანის “რუბინის” ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ sport.business-gazeta.ru_თან განაცხადა, რომ ყოფილ მწვრთნელ ყურბან ბერდიევს, რომელიც როსტოველებს თავკაცობს, პატივს სცემს, მაგრამ თავისი გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.

- “როსტოვის” დიდი გაბარიტების მქონე ფორვარდებთან თამაში რთული იყო?

- ძიუბას წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. ჩვენ პირველად არ ვითამაშეთ და მთავარი ამოცანა გოლის არგაშვება იყო, რომელიც შევასრულეთ.

- გუნდს თამაში ყოფილი მწვრთნელის წინააღმდეგ მოუწია და ამის გამო მატჩის პრინციპულობა იგრძნობოდა?

- ყურბან ბერდიევს ყოველთვის პატივს ვცემდი და ახლაც ვცემ. თუმცა, მოედანზე ყველაფერი მავიწყდება და “რუბინის” მაისურით მატჩში ბოლომდე ვიხარჯები.

- რეკორდისკენ მიდიხართ, რადგან ჯერჯერობით ყველა მატჩი ჩაატარეთ. “რუბინში” სეზონის რეკორდსმენობა გსურთ?

- მთავარია, ჯანმრთელობამ ხელი შემიწყოს. მე მოვინდომებ და თავს არ დავზოგავ.

- იმ ფაქტმა, რომ საქართველოს საუკეთესო ლეგიონერად და ფეხბურთელად გაღიარეს, სეზონის განმავლობაში დამატებითი ემოციები შეგძინათ?

- რა თქმა უნდა, მსგავსი პრიზების მიღება სასიამოვნოა. კიდევ ერთხელ შემიძლია მადლობა ვთქვა, რომ ჩემი თამაში ასე შეაფასეს. მომავალშიც მოვინდომებ.

ინტერნეტპორტალ football.kulichki.net-ის ვერსიით, კვირკველია მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

“ჯერ ბოკეტის, ხოლო შემდეგ ნავასის გვერდით თამაშისას, რომელთაც ტოპ-ლიგებში გამოსვლის გამოცდილება და საუცხოო ტაქტიკური მომზადება აქვთ, ახალგაზრდა ქართველი კვირკველია სწრაფ პროგრესს განიცდის. ორი წლის წინ, გამოუცდელი ბიჭი ბერდიევმა “ნეფტეხიმიკში” გაუშვა, ხოლო ახლა სოლომონი “რუბინის” სასტარტოს შეუცვლელი მოთამაშეა. ფიზიკურ სიძლიერესთან და სიმაღლესთან ერთად, კვირკველიას არცთუ ცუდი სისწრაფე და კოორდინაცია აქვს. “როსტოვთან” მატჩში ძირითადად მეორე სართულზე თამაშის ცოდნა გამოადგა, ვინაიდან მეტოქეს დიდი გაბარიტების მქონე ბუხაროვი და ძიუბა ჰყავდა. კვირკველიამ ნავასთან ერთად ორივე წარმატებით “შეჭამა”- იუწყება football.kulichki.net-ი კვირკველიას შესახებ.

0.118198