ვეტერანმა ფეხბურთელებმა და ამჟამად Sky Sports–ის საფეხბურთო ექსპერტებმა ჯეიმი კარაგერმა და ტიერი ანრიმ პრემიერლიგის განვლილი ტურის შეხვედრაზე, “ჰალისა” და ლონდონის “ჩელსის” დაპირისპირებაზე ისაუბრეს.
“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა ტიბო კურტუას შესანიშნავი თამაში გამოყო და განაცხადა, რომ ბელგიელი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იქნება.
გუშინდელ შეხვედრაში “ჩელსი” ორბურთიანი სხვაობით იგებდა, მასპინძლებმა იბრძოლეს და გათანაბრება მოახერხეს, თუმცა შეხვედრის ბოლოს კლასმა თავისი გაიტანა და ლონდონელებმა მესამე გოლის გატანა მოახერხეს.
მეორე გაშვებულ გოლში ბრალი კურტუასაც მიუძღვის, თუმცა ვეტერანი მცველის აზრით, ეს შეცდომა მისმა საოცარმა სეივებმა გადაფარა.
“მან პირველ ტაიმში შეცდომა დაუშვა, სანაცვლოდ არაერთი რთული ბურთი მოიგერია და “ჩელსის” გამარჯვების მოპოვებაში ძალიან დაეხმარა. ის არის უმაღლესი დონის მეკარე, რომელმაც ძირითადი შემადგენლობიდან პეტერ ჩეხის ამოგდება მოახერხა და გასულ სეზონში “ატლეტიკოს” წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ის ძალიან ახალგაზრდაა და ათწლეულის განმალობაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება”, - განაცხადა ჯეიმიმ.
კარაგერს დაეთანხმა ტიერი ანრი და მანაც დადებით კონტექსტში ისაუბრა კურტუაზე.
“სანამ შეცდომას დაუშვებდა რამდენიმე კარგი ბურთი მოიგერია, ხოლო მეორე ნახევარშიც დიდებულად ითამაშა და “ჩელსის” კარი რამდენჯერმე იხსნა გაშვებული გოლისგან. მან შესანიშნავად ითამაშა.
დიდ გუნდს ყოველთვის შეუძლია ასე მოგება. “ჩელსიმ” მეტოქის კარის ჩარჩოში სამჯერ მოახვედრა ბურთი და სამჯერვე გაიტანა. ასეთი გამარჯვებები ძალიან რთული მოსაპოვებელია.
“ჰალმა” კარგად ითამაშა, ბევრი მომენტი ჰქონდათ, თუმცა იღბალი მათკენ არ იყო”, - დასძინა ფრანგმა.
შეგახსენებთ, რომ “ჩელსი” პრემიერლიგას დამაჯერებლად ლიდერობს. ლონდონური კლუბი “მანჩესტერ სიტიზე” 6 ქულით წინაა და ერთი მატჩი თადარიგში აქვს.