“კოლხეთისა” და “დინამოს” ლანჩხუთში გამართული შეხვედრის შედეგს მეტოქეთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუ თბილისლები გაიმარჯვებდნენ, სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულ ლიდერობას შეინარჩუნებდნენ, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში შეიძლებოდა მეორე ადგილზე ჩამოქვეითებულიყვნენ. რაც შეეხებათ ფოთელებს, ისინი სახიფათო ზონაში იმყოფებიან და მათთვის ყოველ მოპოვებულ ქულას ოქროს ფასი ადევს.
მარტის ჭირვეული ამინდით დაუხვდა ლანჩხუთი სტუმრებს. წვიმდა და ციოდა. მაყურებელთა სიმცირის მიუხედავად, გულშემატკივრები ორივე გუნდს ახლდნენ და ომახიანი შეძახილებით მატჩის ბოლომდე ამხნევებდნენ თავიანთ ფეხბურთელებს.
როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა თბილისელთა უპირატესობით დაიწყო და მატჩის დებიუტშივე მათ ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა მიეცათ. ჯანელიძემ მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და ზუსტი ჩაწოდებით საჯარიმოში შევარდნილ ჩირგაძეს ბურთი პირდაპირ თავზე დაუსვა, თუმცა სტუმართა ფორვარდის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
საკუთარი გულშემატკივრები ფოთელებმა დიდხანს არ ალოდინეს და მალე საპასუხოდ შეუტიეს. გიგაურის ჩაწოდებულ კუთხურზე ყველაზე უკეთ გოგონაია გაისარჯა, მან მეტოქეებს საჰაერო ბრძოლა მოუგო და თავური დარტყმით ბურთი კარისკენ გაგზავნა. მასპინძელთა კაპიტნის მცდელობას სიზუსტე დააკლდა.
ამის შემდეგ ზღვისპირელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ისინი მოედნის ცენტრს დაეუფლნენ და მატჩის სადავეები ხელში აიღეს. ტაიმის მესამედის მიწურულს ფოთელებმა ხელსაყრელი მდგომარეობიდან საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. სტანდარტული ლემონჯავამ შეასრულა და ჩახვეული დარტყმით ბურთი მეტოქის კარისკენ გაგზავნა, თუმცა ცოტა სიზუსტემ დააღალატა.
ტაიმის შუაწელს ,,მასპინძლებს” დაწინაურება მართებდათ. გოგონაიამ მარცხენა ფლანგზე რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და პირით ხაზთან მისულმა საჯარიმოში მყოფ ჯიქიასკენ ზუსტი გადაცემა გააკეთა. ზღვისპირელთა ფორვარდს გასატანად იდეალური მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ ბურთს ფეხი ააცილა.
მალე თავის გამოჩენა ლემონჯავას შეეძლო. იგი ზედიზედ ორჯერ ასრულებდა მეტოქის კარის სიახლოვეს დანიშნულ საჯარიმო დარტყმებს, მაგრამ თბილისელთა სლოვაკ მეკარეს ვერც ერთხელ ვერ აჯობა.
ანგარიშის გახსნის ყველაზე კარგი შანსი კოლხებს 30-ე წუთზე ჰქონდათ. ზღვისპირელთა კომბინაციის შემდეგ გურეშიძე ბურთს საჯარიმოს წინა ხაზთან დაეუფლა და გამიზნული დარტყმა განახორციელა. დინამოელებს ვეღარც ჰრდლიჩკა შველოდა, მაგრამ ბურთმა კარის ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.
ამის შემდეგ მეტოქეები თითქოს გაჩერდნენ და ტაიმის ბოლომდე აღსანიშნავი არაფერი მომხდარა.
შეხვედრის მეორე ნახევარი მეტად ნელ ტემპში დაიწყო. სველ მინდორზე ფეხბურთელებს კომბინაციური თამაში უჭირდათ და აქცენტი ბრძოლაზე ჰქონდათ გადატანილი. ნათლად ჩანდა, რომ დინამოელებს მეტი ძალა შერჩენოდათ. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ გასულ ტურში თბილისლებს რუსთავის ,,მეტალურგის” სახით იოლი მეტოქე ჰყავდათ და გამარჯვებისთვის შედარებით ნაკლები ძალა დახარჯეს. ფოთელებმა კი საჩხერეში ბოლომდე იბრძოლეს და შეხვედრა მხოლოდ უკანასკნელ წუთებზე დათმეს.
მეორე ტაიმის შუაწელიდან თბილისელთა უპირატესობა გამოიკვეთა და ერთი წუთის ინტერვალში ზედიზედ ორჯერ მათ დაწინაურების კარგი შესაძლებლობა მიეცათ. პირველად შეტევაში ჩართული თოთაძე აგვირგვინებდა თანაგუნდელების წამოწყებულ კომბინაციას, მაგრამ საჯარიმოს კუთხიდან მისი ძლიერი გასროლა არაზუსტი გამოდგა. თითქმის მაშინვე ლობჟანიძე ურტყამდა ხელსაყრელი მდგომარეობიდან, თუმცა ბურთმა კარის ბადე გარედან მოიკითხა.
დედაქალაქელებმა განსაკუთრებული აქტიურობა მატჩის უკანასკნელ წუთებში გამოავლინეს და მთელი გუნდით შეუტიეს. სტუმრებს ოდნავ რომ გამართლებოდათ, შეიძლებოდა შინ გამარჯვებულები დაბრუნებულიყვნენ. მიზანთან ყველაზე ახლოს გველესიანი იმყოფებოდა. თბილისელი მცველი ბურთს მოედნის ცენტრალურ ხაზთან დაეუფლა, წინ გადაადგილდა და 30 მეტრიდან ყუმბარისებურად გაისროლა. სეფიაშვილმა შესაშური რეაქცია გამოავლინა. იგი აკრობატულ ნახტომში მისწვდა მაღალ კუთხეში მიმქროლავ ბურთს და კუთხურზე მოიგერია.
დინამოელები არც ამის შემდეგ გაჩერებულან და მეტოქის კარზე დაწოლა გააძლიერეს. კარგი მომენტები ჰქონდათ შეცვლაზე შესულ ჭანტურიშვილს და შერგელაშვილს, თუმცა სეფიაშვილი ორივე შემთხვევაში დიდებულად გაისარჯა და თავისიანები უსიამოვნებისგან იხსნა.
არბიტრის მიერ დამატებულ დროში მოედანზე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, მაგრამ ფოთელებმა ბოლომდე გულიანად იბრძოლეს და ქართული ფეხბურთის ფლაგმანთან ქულა დამსახურებულად მოიპოვეს, რაც შეიძლება მათთვის უმნიშვნელოვანესი გამოდგეს.
,,კოლხეთი” (ფოთი) - ,,დინამო” (თბილისი) 0:0
22 მარტი. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე”. 300 მაყურებელი.
,,კოლხეთი”: სეფიაშვილი, გ. კილასონია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, თ. კაკულია, გოგონაია (კ), გურეშიძე, გიგაური (ბარამიძე 87), ნ. სიჭინავა (ქორჩილავა 82), შ. ჯიქია (ლ. შენგელია 81);
მთ. მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
,,დინამო”: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, თოთაძე (კ), ცინცაძე, ჯანელიძე, კიტეიშვილი (შერგელაშვილი 82), ჩირგაძე, პარუნაშვილი (ჯიღაური 67), ლობჟანიძე (ჭანტურიშვილი 59);
მთ. მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი