“მიხეილ მესხის” სათადარიგო სტადიონზე “ცხინვალსა” და ბათუმის “დინამოს” შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა გაიმართა. მატჩს როგორც შიდაქართლელთა, ასევე ზღვისპირელთა ქომაგების საკმაო რაოდენობა ესწრებოდა.
შეხვედრას თვალი ადევნა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ. როგორც “ჯვაროსანთა” თავკაცმა “მსოფლიო სპორტს” განუცხადა, შიდა ჩემპიონატიდან ეროვნული ნაკრებისთვის ფეხბურთელები უკვე შერჩეული ჰყავს და აღნიშნული შეხვედრა მის გადაწყვეტილებაზე გავლენას არ იქონიებს. ცხადაძემ უმაღლესი ლიგის გუნდებიდან ოთხ ფეხბურთელს უნდა უხმოს.
მატჩი ბათუმელთა უპირატესობით დაიწყო და მე-13 წუთზე საჯარიმოს მისადგომებთან თეიმურაზ შონიას, გიორგი ბერიაშვილისა და ნიკა დიასამიძის მიერ სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ უკანასკნელმა საჯარიმოს სიღრმეში გიორგი ქავთარაძე მოძებნა, რომლის მიერ თავით დარტყმული ბურთი გიორგი ნადირაძემ მოიგერია. მალევე კუთხურიდან გათამაშებული ბურთის კარის მარცხენა დაბალ კუთხეში გადაგზავნა დიმიტრი ტატანაშვილმა შეძლო, თუმცა ნადირაძემ აქაც იყოჩაღა.
ბათუმელთათვის სანუკვარი მომენტი 42-ე წუთზე შეიქმნა: დიასამიძის მიერ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს საჯარიმოს სიღრმეში თავი ტეტუნაშვილმა დაუხვედრა და უკან გადააგდო, საბოლოოდ ხელსაყრელ სიტუაციაში მცველი ვაჟა ქორიძე აღმოჩნდა, რომლის თავურიც შევხედრაში სამი ქულის მომტანი გახლდათ.
მეორე ტაიმში “ცხინვალი” გამოფხიზლდა. კახი კაჭარავამ მატჩის განახლებამდე მინდორზე რატი ცაცკრიალაშვილის ნაცვლად გიორგი ივანიშვილი შემოიყვანა. 25 წლის შემტევმა შემოსვლიდან რამდენიმე წუთში მიხეილ ალავიძეს ძლიერად დაურტყა, თუმცა ბათუმელთა მეკარემ ზუსტად ითამაშა. 60-ე წუთისთვის კი ივანიშვილი-ირაკლი ლექვთაძის დუეტმა იყოჩაღა ცენტრიდან საჯარიმომდე მოკლე პასებით მივიდა, საბოლოო ივანიშვილი მეკარის ზონაში შეიჭრა, თუმცა კვლავ ალავიძემ კარგად ითამაშა. ცხინვალელთა შემტევს ბურთი წინ ძალიან რომ არ გაეგდო გოლის გატანაც შეეძლო.
ბათუმელებმაც შეძლეს რამდენიმე სახიფათო მომენტების შექმნა. ჯერ ქათამაძემ დაარტყა კარში მცირედით არაზუსტად, შემდეგ კი შეტევებში გართულ “ცხინვალს” “დინამომ” მატჩის ბოლო წუთზე კონტრშეტევით უპასუხა, დიასამიძის ნაცვლად შეცვლაზე შემოსული ბექა ჭკუასელი საჯარიმოს მარცხენა კუთხისკენ შეიჭრა და სიღრმეში გადაცემა გააკეთა, ბათუმელებმა კი უყურადღებოდ ითამაშეს, საბოლოოდ კი სახიფათო ეპიზოდის განეიტრალება “ცხინვალმა” შეძლო.
ამრიგად დასრულა მატჩი ბათუმის გუნდის გამარჯვებით. “დინამო” ვერც “ცხინვალმა შეაჩერა და გუნდმა მეორე სეზონის განახლების შემდეგ ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო. ზღვისპირელები პირველ ადგილზეც გადავიდნენ. თბილისის “დინამომ” სტუმრად ფოთის “კოლხეთის” დამარცხება (0:0) ვერ შეძლო. გათამაშების ცხრილში პირველ-მეორე ადგილს თანაბარი 42-42 ქულით ბათუმის და თბილისის გუნდები იყოფენ. ცხინვალელები კი მეხუთე ადგილზე 33 ქულით იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას შიდაქართლელები ზუგდიდში ჩაატარებენ, ხოლო ბათუმელები ქობულეთში ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდებიან.
22 მარტი. თბილისი. “მიხეილ მესხი” სათადარიგო.
ცხინვალი – დინამო (ბათუმი) 0:1 (0:1)
ცხინვალი: ნადირაძე, თარხნიშვილი, ცერცვაძე, მახარობლიძე, ქარდავა, შინდაგორიძე, ცაცკრიალაშვილი (ივანიშვილი 46), ბაჩიაშვილი (ჯიშკარიანი 83), კილასონია, კაჭკაჭიშვილი, ლექვთაძე (ფანცულაია 72).
მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა
დინამო: ალავიძე, ქორიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, სუხიაშვილი, შონია, ვარშანიძე, ქავთარაძე, დიასამიძე (ჭკუასელი 83), ბერიაშვილი (თევდორაძე 90), ტატანაშვილი (აბუსელიძე 78)
მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გოლი: 0:1 ვაჟა ქორიძე (42)
გაფრთხილება: შინდაგორიძე (90)
მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი
მეგოლეები:
10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ირაკლი მოდებაძე (დილა)
8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)
7 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა),
6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), შოთა ლომია (ზუგდიდი), გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;