სხვა

15:34 | 22.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართული კაჩი-კოში ჰარუ ბაშოზე

იაპონიის ქალაქ ოსაკაში დასრულებულ მარტის სუპერტურნირი ორივე ქართველმა სუმოისტმა დადებითი ბალანსით (კაჩი-კოში) დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ წოდებაში დაწინაურება განაღდებული აქვთ.

საინტერესოა, რომ ჰარუ ბაშოს დასკვნით დღეს გაგამარუ და ტოჩინოშინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა, რომელსაც მოგება ძალიან სჭორდებოდა.

საქმე ის გახლავთ, რომ ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს საკვირაო ორთაბრძოლის წინ 7 მოგება და 7 მარცხი ჰქონდა და წარუმატებლობას უარყოფით ბალანსზე (მაკე-კოში) გაჰყავდა.

ტოჩინოშინმა თანამემამულე იორიკირით დაჯაბნა და მიზანიც შესრულებულ იქნა.

შეგახსენებთ, რომ ოსაკას ტურნირზე გორგაძე დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა, გასული წარმატების წყალობით კი, სანიაკუს (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) კიდევ უფრო მიუახლოვდება.

სოლიდური წინსვლა ელის თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს. მან ბოლო შერკინება კი დათმო, თუმცა, ჯამში 11 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და ცხადია, რომ დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებას გაცილებით უკეთეს ტიტულზე გაცვლის.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ჰარუ ბაშოს გამარჯვებული მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო გახდა, რომელმაც 15-და 14 ორთაბრძოლაში იმარჯვა. რიგით 69-ე დიდმა ჩემპიონმა “იმპერატორის თასი” 34-ედ მოიგო. ბოლო დღეს, “თეთრმა ფენიქსმა” თანამემამულე იოკოძუნა ჰარუმაფუჯი იორიკირით დაამარცხა და უახლოეს მდევარ – სეკივაკე ტერუნოფუჯის 1 მოგებით გაუსწრო.

მარტის ბაშოს დასკვნითი დღის მიმოხილვა

გაგამარუს და ტოჩინოშინის ქართული შერკინება 5:17-დან

0.129719