საქართველოს ეროვნული თასის ნახევარფინალების გამართვის გამო სამკვირიანი პაუზის შემდეგ სუპერლიგის რეგულარული პირველობა განახლდა. გუშინ ბათუმსა და დღეს სპორტკომპლექს “არენაში” ჩატარებულ მატჩებს თითქოს ბევრ რამეზე ნათელი უნდა მოეფინა, თუმცა, 4 მატჩმა უფრო მეტი კითხვა გააჩინა.
საქართველოს მოქმედ ჩემპიონს “ქუთაისთან” მოგების შემთხვევაში რეგულარულ პირველობაში საბოლოო მოწინავე ადგილს პრაქტიკულად ვერავინ შეეცილებოდა, მაგრამ დინამოელებმა წაიფორხილეს და კარგი შანსი მისცეს “შსს აკადემიას”, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავის მხრივ “ოლიმპთან” წააგო და რეგულარული პირველობის მოგების პრაქტიკული შანსიც დაკარგა.
ზემოთ თასის მატჩებით გამოწვეული დიდხნიანი პაუზა ვახსენეთ და ხანგრძლივმა უქმობამ იმ გუნდებზე, რომლებიც ნახევარფინალს მიღმა დარჩნენ, უარყოფითი როლი ითამაშა. “დინამო” და “ქუთაისმა” უფრო მეტად შეინარჩუნეს სათამაშო რიტმი, ვიდრე “შსს აკადემიამ”, “ოლიმპმა”, “სოხუმმა” და “მგზავრები-არმიამ”.
მიუხედვად იმისა, რომ აკადემიელთა და ოლიმპელმა მატჩმა მეტად საინტერესოდ, დრამატულად ჩაიარა და გულშემატკივარიც ემოციით აღავსო, ორივე გუნდი მაინც არითმიულად ასპარეზობდა და აშკარად იგრძნობოდა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა.
მესამე პერიოდის დასრულების შემდეგ “შსს აკადემია” 56:50-ს უგებდა “ოლიმპს”, დასკვნითი მეოთხედის ფინიშამდე ხუთიოდე წუთით ადრე, გიორგი შარაბიძის ზუსტი ორქულიანის შემდეგ, აკადემიელები 66:58 დაწინაურდნენ, თუმცა გია კაზანჯიანის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და ანგარიშის გაყაიმებაც მოახერხა - 66:66. საფინალო სირენამდე თითქმის 3 წუთი იყო დარჩენილი, მაგრამ როგორც ერთმა, ასევე მეორე გუნდმა ზედიზედ რამდენიმე შეტევა უქულოდ დაასრულა და დასკვნითი პერიოდის დასრულებამდე 0.7 წამით ადრე ბურთი თამაშში „ოლიმპს“ უნდა შეეტანა. მაყურებელი დამატებითი დროისთვის განეწყო, თუმცა... ამ დროში ნომინალურმა მასპინძლებმა შედეგიანი კომბინაციის გათამაშება მოასწრეს, რომელიც კოკა ტომარაძემ დაასრულა და საკუთარ გუნდს მოაგებინა - 69:66.
ტომარაძემ შეხვედრა 14 ქულით დაასრულა (მის აქტივში 4 ზუსტი სამქულიანია), ოლიმპელთა ბომბარდირი კი უკრაინელი დენის ნოსკოვი გახდა 15 ქულით. საინტერესოა აღინიშნოს, რომ პირველი ტაიმის ბოლო წამზე ნოსკოვმა ბურთი „ოლიმპის“ ნახევრიდან გაისროლა და ზუსტად ჩასვა „შსს აკადემიის“ კალათაში. აკადემიელთაგან 18 ქულით ბომბარდირი გიორგი ცინცაძე გახდა, 12-12 ნიკა მეტრეველმა და გიორგი შარაბიძემ დააგროვეს.
როგორც მოგახსენეთ, ამ წაგებით აკადემიელებმა რეგულარული პირველობის მოგების შანსი პრაქტიკულად დაკარგეს, „ოლიმპს“ კი, ასე განსაჯეთ, მეოთხე ადგილზე გასვლის თეორიული შესაძლებლობა გაუჩნდა. მომდევნო უიკ ენდზე ჩასატარებელ მატჩთაგან ყველაზე პრინციპული „შსს აკადემია“-„დინამოს“ და „რუსთავი“-„ოლიმპის“ პაექრობებია. დღევანდელისგან განსხვავებით, სავარაუდოდ, მომდევნო, ბოლოსწინა ტურში ბევრ სატურნირო კითხვას მოეფინება ნათელი...
1 | დინამო | 12 | 10 / 2 | 985 / 841 | 22 |
2 | ქუთაისი | 12 | 9 / 3 | 961 / 920 | 21 |
3 | შსს აკადემია | 12 | 8 / 4 | 940 / 877 | 20 |
4 | რუსთავი | 12 | 7 / 5 | 1002 / 971 | 19 |
5 | ბათუმი | 12 | 5 / 7 | 915 / 925 | 17 |
6 | ოლიმპი | 12 | 5 / 7 | 937 / 974 | 17 |
7 | სოხუმი | 12 | 2 / 10 | 921 / 1022 | 14 |
8 | მგზავრები-არმია | 12 | 2 / 10 | 804 / 935 | 14 |
მეცამეტე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან
27 მარტი
“რუსთავი” – “ოლიმპი”
“ქუთაისი” – “მგზავრები-არმია”
28 მარტი
“შსს აკადემია” – “დინამო”
“სოხუმი” – “ბათუმი”