საქართველოს ნაკრები ყოფილ ერთა თასზე, ახლა კი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ყველა მეტოქეზე მაღალი დონის გუნდია და ეს დასკვნით ტურში, ბუქარესტში კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
მანამდე გამართულ ოთხ მატჩში ექსპერიმენტული შემადგენლობით, არცთუ სასურველი თამაშით მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, რუმინეთს “ბორჯღალოსნები” ოპტიმალური (და არა უძლიერესი) შემადგენლობით ეწვივნენ და ტურნირის უმთავრეს მეტოქეს მისსავე მოედანზე დამაჯერებლად აჯობეს. ქართველებმა ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, “მუხები” ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და მშვიდი გამარჯვებით - 15:6, ზედიზედ მეხუთედ მოიგეს ერთა თასი (სულ 13 გათამაშებაში მერვედ) და ჯამში მეცხრედ დაათმობინეს რუმინეთს მათთან საზიარო “ანთიმოზ ივერიელის თასი”.
დიახ, საქართველოს ნაკრები რუმინეთზე უფრო მაღალი დონის გუნდია, როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლების მხრივ. მერაბ კვირიკაშვილმა ზედიზედ მეორე თამაშში აჩვენა ასპროცენტიანი მაჩვენებელი და ხუთი შანსიდან ხუთივე გამოიყენა. საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა გუნდურადაც და ინდივიდუალურადაც დაჩაგრეს მოწინააღმდეგეები როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში თამაშში. გუნდს და თითოეულ შემსრულებელსაც ეტყობოდა რწმენა იმისა, რომ ამ თამაშში გამარჯვება სწორედ მათ დარჩებოდათ და ვალენტინ კალაფეტეანუს საბედისწერო შეცდომები რომც არ დაეშვა, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ორივე თასი მაინც თბილისში დაიდებდა ბინას, ოღონდ, შეხვედრის ფინალი ალბათ უფრო დრამატული იქნებოდა.
საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვნად ჰქონდა გაუმჯობესებული დერეფანში თამაში. ორწლიანი შესვენების შემდეგ გუნდში დაბრუნებულმა იური ნატრიაშვილმა დაკისრებულ ამოცანას თავი კარგად გაართვა, ხოლო მამუკა გორგოძემ რუმინელთა ჩანაფიქრები კარგად წაიკითხა და ხუთჯერ მოიგო მათი მოწოდებული ბურთი. “ბორჯღალოსნებმა” ორჯერ შექმნეს სალელოვე შანსი, მსგავსი მომენტები რუმინელებს არც ჰქონიათ და სტატიკასა თუ ღია თამაშში მოპოვებულმა უპირატესობამ, საბოლოოდ ლოგიკური შედეგი დააფიქსირა.
არადა, რუმინეთი ხელწამოსკრავი მეტოქე რომ არაა, ყველასათვისაა ცნობილი. ქართველთა კვალდაკვალ ამ გუნდმაც მოიპოვა მსოფლიო თასის საგზური და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საუკეთესო შემადგენლობით, სამთვიანი მზადების ფონზე, ქართველთა წინსვლა იმდენად დიდი იქნება, რომ ინგლისიდან სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. მაგრამ მანამდეა “თბილისის თასი”, სადაც გუნდის მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, დიდი ალბათობით ექსპერიმენტებს გააგრძელებს და იმედია, სექტემბერში ჩვენი გუნდი კიდევ ერთხელ იქნება სიურპრიზი მთელი მსოფლიოსთვის.
შეხვედრა მზიან დარში გაიმართა და ბურთი თამაშში საქართველოს ნაკრებმა შეიყვანა. რუმინელებმა საკუთარი 22-ის ხაზიდან ისეთი მოლი ააგორეს, რომ ცენტრალური ხაზი გადაკვეთეს, რაც ერთგვარი მოულოდნელობა იყო, მაგრამ ამან ქართველთა მობილიზება გაზარდა და მასპინძლებმა გაშლილი შეტევა რომ წამოიწყეს, ისეთ დაცვას წააწყდნენ 10 მეტრით მოუწიათ უკან დახევა. ამას მოყვა ფეხით თამაში, რაშიც რუმინელები განთქმული არიან, მაგრამ ქართველებმა მასპინძლებს ტოლი არ დაუდეს.
მთელი 80 წუთის განმავლობაში, მსგავსი მომენტი არაერთხელ შეიქმნა და ფაქტობრივად ყველა შემთხვევაში კვირიკაშვილმა და ლაშა მალაღურაძემ რუმინელებს აჯობეს. “მეკო” ცარიელ ადგილებს ზუსტად პოულობდა, ხოლო მალაღურაძეს ბურთი დიდ მანძილზე გადაჰქონდა და რუმინეთი ყველა შემთხვევაში წაგებული რჩებოდა. პირველი ასეთი შემთხვევის შემდეგ, მე-9 წუთზე საქართველოს ნაკრებმა მასპინძელთა ჩათვლის მოედანიც გადაკვეთა. 22-ის ხაზთან დერეფნის მოგების შემდეგ, მერაბ შარიქაძემ მაღალ სიჩქარეზე მიიღო ბურთი და ხაზი გაჭრა, რის შემდეგაც ბურთი თამაზ მჭედლიძეს ამოუგდო, ის რომ შეაჩერეს შეტევა გიორგი თხილაიშვილმა გააგრძელა, მერე საქმეში ისევ მჭედლიძე ჩაერთო და ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ რუმინელები ბურთს ჩაუწვნენ და შემტევს მისი დამიწების საშუალება არ მისცეს.
რეფერიმ 5-მეტრა შერკინებაში ქართველები დააჯარიმა, მას შემდეგ მასპინძელთა სასარგებლოდ კიდევ ორჯერ ჩასტვინა და ჩვენს ნახევარზე პირველივე გადმისვლისას, მე-14 წუთზე ვალენტინ კალაფეტეანუმ ანგარიში გახსნა - გასატანი პოზიციიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა. ჯარიმები ვახსენეთ და ირლანდიელმა რეფერიმ რუმინელთა სასარგებლოდ რამდენჯერმე დაუსტვინა, მაგრამ ქართველ მორაგბეებს წონასწორობა ვერ დააკარგვინა და რაც არ ერგებოდა, რუმინეთმაც ვერ შეირგო. ამაზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი, “მუხები” შერკინებაში დაჯარიმდნენ და კვირიკაშვილმა 35 მეტრიდან წონასწორობა აღადგინა.
ზემოთ ვთქვით რუმინეთს ყველაფერში ვაჯობეთო, მაგრამ ასე არ იყო თამაშში ბურთის შეყვანის მომენტებში. ექვსი შემთხვევიდან ხუთში, ოვალს მასპინძლები დაეუფლნენ, თუმცა, ქართველთა ამ შეცდომებით ვერ ისარგებლეს. პირველ ჯერზე მათ ჯარიმის კარში დარტყმა არ იკადრეს, ლელოზე თამაში გადაწყვიტეს და დერეფანში ბურთი დაკარგეს. მიუხედავად ამისა, გარკვეული დროით რუმინეთი სათამაშო ინიციატივას დაეუფლა და 29-ე წუთზე გიორგი ნემსაძე სინბინით დაისაჯა.
რადგან პოზიცია გასატანი იყო, კალაფეტიანუმ ნაღდი 3 ქულის აღება განიზრახა, მაგრამ მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა და ვასილ ლობჟანიძემ ბურთი აუტში გადაგზავნა. მეტოქის დერეფნის მოგების შემდეგ, მიხაი მაკოვეი შუბური ბოჭვისთვის დაჯარიმდა და სინბინსაც იმსახურებდა, მაგრამ რადგან დამნაშავე ქართველი არ იყო, რეფერიმ მხოლოდ ჯარიმა გვაკმარა. სამაგიეროდ, დერეფნის შემდეგ მასპინძლები დაჯარიმდნენ და კვირიკაშვილმა საქართველოს ნაკრები 6:3 დააწინაურა.
თამაშის განახლებისას ბურთი რუმინელებს დარჩათ, კარის წინ 22 მეტრში ჯარიმა დაინიშნა, მაგრამ კალაფეტეანუმ საჩუქარი ვერ შეირგო. პასუხად საქართველოს ნაკრებმა კარგად შეუტია, რეფერიმ უპირატესობა დაგვიბრუნა და კაცნაკლულმა საქართველომ მეორე ჯარიმა გაიტანა. ამ ეპიზოდში რეფერი ობიექტურად გაოსარჯა, იონუც ბოტეზატუ სინბინით დასაჯა და მოედანზე გუნდების მორაგბეთა რაოდენობა გათანაბრდა. კვრიკაშვილმა ზუსტი დარტყმა 40 მეტრიდან შეასრულა. პირველი ბურთი ზედიზედ მესამედ რომ ვერ ავიღეთ და მერე რეფერიმ შერკინებაში დაგვაჯარიმა, კალაფეტეანუს გასატანი პოზიციიდან მესამედ უმტყუნა მიზანმა და ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 9:3 მოიგო.
პირველ ტაიმში რეფერიმ საქართველოს ნაკრები 7-ჯერ დააჯარიმა, მაგრამ რუმინელთა უსქაციელობაზე თვალი ვერ დახუჭა და ისინი 6-ჯერ დასაჯა. აღსანიშნავია, რომ შესვენების შემდეგ ქართველებმა დისციპლინა გამოასწორეს, ირლანდიელს მცირედი საბაბიც აღარ მისცეს და სულ 2-ჯერ დაჯარიმდნენ, მეტოქეს კი, თამაშის წესების დარღვევა 4-ჯერ აიძულეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში ფეხით თამაში გაჩაღდა. ქართველები მეტონის გამოყენებას შეეცადნენ და შეძლეს კიდეც. კვირიკაშვილმა მარცხენა ფლანგზე გაჭრა ხაზი, მერე მალაღურაძემ ხაზი ზედ კარის წინ გაკვეთა, რუმინეთი თამაშგარისთვის დაჯარიმდა და კვირიკაშვილმა უშეცდომოდ დაარტყა. მასპინძლებმა მოინდომეს, მაგრამ ქართველთა ტაქტიკურად გამართულმა თამაშმა და შეუდარებელმა დაცვამ, მათ ყველაფრის ხალისი დაუკარგა. დაახლოებით სამწუთიანი, მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ, რომლის დროსაც ხშირად იცვლებოდა შეტევის მიმართულებები, “ბორჯღალოსნებმა” უჯარიმოდ დაიცვეს თავი, გორგოძემ მეტოქეს ზედიზეც ორი დერეფანი მოუგო და 62-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა რომ შეუტია, კვირიკაშვილმა მეხუთე შანსი გამოიყენა - 15:3.
ამის შემდეგ რუმინეთმა მხოლოდ ერთხელ შეძლო ცენტრალური ხაზის გადაკვეთა და დენუც დუმბრავამ ჯარიმით სხვაობა 9 ქულამდე დაიყვანა. ალბათ რუმინელებსაც ესმოდათ, რომ მოგების იმედი არ უნდა ჰქონოდათ და პრემიალური ქულის აღებაზე თუ ფიქრობდნენ, თორემ ამ 3-მაა ქულამ მათ ვერაფერი შესძინა. დარჩენილ დრო ქართველებმა მეტოქის ნახევარზე გაატარეს, საქმე ზედიზედ მეხუთე გამარჯვებამდე მიიყვანეს და აწ უკვე რაგბის ევროპის ჩემპიონატი “დიდი სლემით” მოიგეს!
ამ და “ანთიმოზ ივერიელის თასის” მოგების გარდა, რუმინელთა დამარცხებამ “ბორჯღალოსნებს”და მათ გულშემატკივარს კიდევ ერთი სიხარული მოუტანა. პარალელურ მატჩში უელსთან 20:61 განადგურდა იტალიის ნაკრები, რაც იმის მანიშნებელია, რომ ორშაბათის მსოფლიო რეიტინგში, ისინი მე-14 ადგილს საქართველოს ნაკრებს დაუღმობენ და “ბორჯღალოსანთა” ქვეშ აღმოჩნდებიან.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2015 წლის გათამაშება
V ტური. 21 მარტი
რუმინეთი - საქართველო 6:15 (3:9)
რუმინეთი: 15. იონუც ბოტეზატუ, 14. ადრიან აპოსტოლი, 13. რობერტ დესკალუ, 12. ჩობა გალი, 11. დორინ მანოლე, 10. დენუც დუმბრავა, 9. ვალენტინ კალაფეტეანუ; 1. ანდრეი ურსაჩე, 2. ოთარ ტურაშვილი, 3. პაულიკა იონი, 4. ალინ კოსტე, 5. მარიუს სირბე, 6. ვიორელ ლუკაჩი, 7. ვალენტინ ურსაჩე, 8. მიხაი მაკოვეი (კაპ.).
სათადარიგოები: 16. ანდრეი რადოი, 17. მიხაიცა ლაზარი, 18. ხორაციუ პუნჯა, 19. ვალენტინ პოპირლანი, 20. სტელიან ბუჩა, 21. ფლორინ სურუჯიუ, 22. ფლორინ იონიცა, 23. საბინ სტრეტილა.
2 ჯარიმა: კალაფეტეანუ, დუმბრავა
1 სინბინი: ბოტეზატუ
მთავარი მწვრთნელი: ლინ ჰაუელსი (უელსი)
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. იური ნატრიაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
სათადარიგოები: 16. ზურაბ ჟვანია, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი აფციაური, 23. ბექა ბიწაძე.
5 ჯარიმა: კვირიკაშვილი
1 სინბინი: ნემსაძე
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ირაკლი მაჩხანელი, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)
რეფერი: გარი ქონვეი (ირლანდია)
რუსეთი - პორტუგალია 21:8
ესპანეთი - გერმანია 48:16
1. | საქართველო | 5 | 5 | 0 | 0 | 158:42 | 21 | 1 |
2. | რუმინეთი | 5 | 3 | 0 | 2 | 102:61 | 15 | 3 |
3. | ესპანეთი | 5 | 3 | 0 | 2 | 131:99 | 14 | 2 |
4. | რუსეთი | 5 | 3 | 0 | 2 | 103:119 | 13 | 1 |
5. | პორტუგალია | 5 | 1 | 0 | 4 | 52:100 | 5 | 1 |
6. | გერმანია | 5 | 0 | 0 | 5 | 61:186 | 1 | 1 |