ფეხბურთი

19:48 | 21.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კლასიკო” ორივე მხრიდან...

“ბარსელონასა” და “რეალის” დაპირისპირებას უდიდესი ისტორია აქვს. გუნდები ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან გადამტერებულნი. წარსულს ახსოვს ისეთი ფაქტები, როცა ამ ორი დიადი გუნდის ღირსება ერთიდაიგივე ფეხბურთელებს სხვადასხვა პერიოდში დაუცავთ.

დღეს გვსურს გესაუბროთ “ელ კლასიკოს” ისტორიაში ხუთი გამორჩეული “მოღალატის” შესახებ. ფეხბურთელები, რომლებმაც “რეალი” “ბარსაზე” ანაც პირიქით – “ბარსა” “რეალზე” გადაცვალეს.

მიქაელ ლაუდრუპი – ლეგენდარული დანიელი ნახევარმცველი მიქაელ ლაუდრუპი კატალონიელი ქომაგების ფავორიტი მოთამაშე ხუთი სეზონი იყო. 1989-1994 წლებში მან “კამპ ნოუზე” 216 შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა. 1994 წლის ზაფხულში კი “ბლაუგრანა” დატოვა და სათამაშოდ სწორედ მის მოძულე მეტოქეს, “რეალს” მიაშურა. ლაუდრუპი “სანტიაგო ბერნაბეუზე” ორი წელი დარჩა და თეთრი მაისურით 76 მატჩში მეტოქეები 15-ჯერ დაამწუხრა.

ბერნდ შუსტერი – ლაუდრუპის მსგავსი ისტორია აქვს ბერნდ შუტერს. გერმანელი შუახაზელი “ბარსელონას” ლიდერი 8 წლის განმავლობაში იყო. გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონიც გახდა და თასების მფლობელთა თასიც მოიგო. ჩატარებული 238 თამაშისა და გატანილი 87 გოლის შემდეგ, შუსტერმა სათამაშოდ “რეალს” მიაშურა. ეს კი 1988 წელს მოხდა. “სამეფო კლუბში” მისი მოღვაწეობაც ორწლიანი გამოდგა, რომელმაც 86 თამაში და 15 გოლი დაიტია.

ლუის ენრიკე – “ბარსელონას” დღევანდელი მთავარი მწვრთნელი 1991-1996 წლებში მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა. კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდგომ კი მან თავისუფალი აგენტის სტატუსით “ბარსას” მიაშურა. მადრიდელთა შემადგენლობაში ლუის ენრიკემ 213-ჯერ ითამაშა და 18 გოლი გაიტანა. “კამპ ნოუზე” მისი შედეგი უფრო ნაყოფიერი გამოდგა. 1996-2004 წლებში ენრიკემ “ბლაუგრანას” რიგებში 300 მატჩში 109 გოლის გატანა შეძლო. 2004 წელს კი კარიერაც დაასრულა.

რონალდო – ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს ერთი გუნდი მეორეზე პირდაპირ არ გადაუცვლია და შუალედში მილანის “ინტერშიც” მოასწრო ასპარეზობა. რონალდო თავდაპირველად “ბარსელონასთვის” ირჯებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი სეზონი გაგრძელდა. 1996-1997 წლების სეზონში “ფენომენმა” კატალონიელთა შემადგენლობაში გამართულ 49 მატჩში 47 გოლი გაიტანა. რონალდო “რეალში” უკვე 2002 წლის ზაფხულში ჩაირიცხა. მისმა მადრიდულმა კარიერამ კი 4 წელიწადნახევარს გასტანა. ამ ხნის განმავლობაში მან “ბლანკოსის” მაისურით 177 შეხვედრაში თავი 104-ჯერ გამოიჩინა.

ლუიშ ფიგუ – რა თქმა უნდა ჩვენს ხუთეულშია პორტუგალიელი ლუიშ ფიგუ, რომელიც ბარსელონაში დღემდე ყველაზე მეტად სძულთ. “კამპ ნოუზე” გატარებული ხუთი დიდებული წლის მერე, ფიგუ ფლორენტინო პერესის შეთავაზებას დასთანხმდა და 2000 წელს “რეალის” მაისური მოირგო. ლუიშმა “კამპ ნოუზე” 249 მატჩი გამართა და 45 გოლი გაიტანა, ხოლო “სანტიაგო ბერნაბეუზე” დროის იგივე მონაკვეთში 239-ჯერ ითამაშა და 57 გოლი შეაგდო. ფიგუსთან მიმართებაში დაუვიწყარია ეპიზოდი, როცა მას “ბარსელონას” გულშემატკივრებმა უმადურობის ნიშნად ღორის თავი პირდაპირ სტადიონზე ესროლეს...

0.109114