თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე გრან პრიზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრების: ლაშა შავდათუაშვილისა და ნუგზარ ტატალაშვილის (73 კგ) მეოთხედფინალური დაპირისპირება შავდათუაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა (66 კილოგრამში) იუკოთი იმარჯვა და ოქროს მედალს ორი გამარჯვება აშორებს.
73 კილოგრამში მეოთხედფინალური ბარიერი ზვიად კაპანაძემაც დაძლია, ბრიტანეთის ნაკრების წევრ იან გოსიევსკისთან შიდოს უპირატესობით მოგებით.
ნახევარფინალში შავდათუაშვილი აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჟოვს დაეჭიდება, ხოლო კაპანაძე – ყაზახ დასტან იკიბაიევს.
ტატალაშვილი რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც მეტოქედ უკრაინელი არტემ ხომულა ეყოლება.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძირითად ბადეს უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი შემორჩნენ. მეოთხედფინალში მარგიანმა ავთანდილ ჭრიკიშვილის მომგებ მონღოლ დაგვასურენ ნიამსურენს ბოლო წამზე შესრულებული ვაზარით სძლია. ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ სირაჟუდინ მაგომედოვს დაუპირისპირდება.
გიორგი პაპუნაშვილმა იტალიელ ანტონიო ჩიანოს უილეთო შეხვედრაში ერთი შიდოს უპირატესობით (3:2) აჯობა და ფინალში გასასვლელად რუსეთის ნაკრების წევრ ალან ხუბეცოვს დაუპირისპირდება.