ფეხბურთი

14:39 | 21.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შუქურა” - “ზესტაფონი” არ ჩაიშლება

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” “ფეისბუქის” გვერდის ინფორმაციით, 22 მარტს გიორგი მიქაძის შეგირდები ქობულეთში გაემგზავრებიან და ადგილობრივ “შუქურასთან” უმაღლესი ლიგის 21-ე ტურის შეხვედრას გამართავენ.

მარგველთა ფინანსური კრიზისი ყველასთვისაა ცნობილი და გუშინდელ დღემდე “შუქურასთან” მატჩის გადადება თითქმის გადაწყვეტილი იყო. ზესტაფონელთა ინფორმაციით, ზღვისპირეთში გამგზავრებისა და გუნდის კვების ხარჯები (ჯამში 3000 ლარი) საკუთარ თავზე ერთ-ერთმა ზესტაფონელმა ბიზნესმენმა (რომლის ვინაობაც მისივე თხოვნით არ დასახელდა) და ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გერეგამ გაიღეს.

20 მარტს “ტვ-სპორტთან” საუბარში “ზესტაფონის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა განაცხადა, რომ “შუქურასთან” მატჩი ჩაიშლებოდა, თუმცა ამ ეტაპისთვის ყველაფერი საქართველოს ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბის სასიკეთოდ გადაწყდა. “ზესტაფონს” სეზონის დასრულებამდე 4 გასვლითი მატჩი რჩება, შესაბამისად ვინ გაუწევს გუნდს ფინანსურ დახმარებას მომდევნო შეხვედრებისთვის ჯერჯერობით უცნობია.

0.124338