ინდიან უელსის BNP Paribas Open-ის “მასტერზ1000”- ის მეორე ნახევარფინალში გულშემატკივრები როჯერ ფედერერისა და რაფა ნადალის დაპირისპირების მოლოდინით იყვნენ, თუმცა, ამჯერად შვეიცარიელისა და ესპანელის მატჩი არ შედგება. მართალია, ფედერერმა დამაჯერებლად მოუგო ჩეხ ტომაშ ბერდიხს 6:4, 6:0, მაგრამ ნადალი კანადელ მილოშ რაონიჩთან 6:4, 6:7, 5:7 დამარცხდა. მაშ ასე, ნახევარფინალური წყვილები ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ენდი მარეიმ, ფედერერმა და რაონიჩმა შეადგინეს.
“ბრწყინვალე მატჩი ჩავატარე. ტომაში ცუდად აწვდიდა, რამაც კონტრთამაშის კარგი შესაძლებლობა მომცა. მატჩის დაწყებისთანავე ინიციატივას დავეუფლე და ბოლომდე ხელიდან არ გამიშვია. ასეთი მოგებები დამაჯერებლობას მმატებს”, - განაცხადა ფედერერმა ბერდიხის ძლევის შემდეგ.
რაონიჩისა და ნადალის მატჩს რაც შეეხება, მეტოქეებმა კორტზე თითქმის 3 საათი გაატარეს. ამ სათამაშო დროის განმავლობაში 24 წლის კანადელის აქტივში ერთი ბრეიკი და 19 ეისია. რაონიჩმა პირველად მოახერხა ნადალის დამარცხება, თავად კი მალიორკელთან 5-ჯერ წაუგია.
შეგახსენებთ, ინდიან უელსის "მასტერზ1000"-ის შარშანდელი ტურნირის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა როჯერ ფედერერს მოუგო.