კალათბურთი

23:25 | 20.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

,,წყალტუბოს“ გამარჯვება დაებედა

20 მარტი სამუდამოდ დარჩება წყალტუბოელთა საკალათბურთო ისტორიაში. ამ დღეს, სულ ორიოდე თვის შექმნილმა გუნდმა ,,წყალტუბომ”, საკუთარ სპორტულ არენაზე პირველი მატჩი გამართა და ,,ა“ ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში მასზე უფრო გამოცდილი თბილისის ,,კაკტუსი“ დაამარცხა.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი მათივე გამარჯვებით - 25:16 დამთავრდა. დედაქალაქელთაგან განსაკუთრებით ხიზანიშვილი გამოირჩეოდა, რომელმაც დროის ამ მონაკვეთში 3 ზუსტი სამქულიანი ტყორცნა განახორციელა.

სასტარტო მღელვარების დაძლევის შემდეგ მასპინძლები მეორე მეოთხედში გაცილებით უკეთ ათამაშდნენ. ლიდერობა თავის თავზე აიღო მოთამაშე მწვრთნელმა გიორგი კუჭავამ, რომელმაც მოედანზე სრული 40 წუთი დაჰყო და უნარიანად ხელმძღვანელობდა პარტნიორებს. მთელი ძალით ათამაშდა უკრაინელი ლეგიონერი ალექსანდრე რიხლიუკი, რომელმაც რამდენიმე ეფექტური ჩატენვა განახორციელა. მეოთხედის მიწურულს მიუტევებელი შეცდომა დაუშვა ,,კაკტუსის“ უკანახაზელმა ტაკუ სამამ. მან შეტევაში ბურთი დაკარგა და შემდეგ კუჭავას მაისურზე დაქაჩა, რისთვისაც ტექნიკური ფოლით დაისაჯა. ორივე საჯარიმო კუჭავამ ზუსტად შეასრულა და გვერდით ხაზიდან ბურთის შემოტანის შემდეგ შორეული სამქულიანით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 37:38.

მატჩის მეორე ნახევარიც წყალტუბოელთა უპირატესობით გაგრძელდა. შეხვედრის განახლებისთანავე ტექნიკური შენიშვნა მიიღო სტუმართა დამრიგებელმა არჩილ ჟღენტმა, რასაც კუჭავას სამქულიანი ტყორცნა მოჰყვა და მასპინძლები წინ პირველად გავიდნენ - 41:38. აღსანიშნავია, რომ ამ დროს წყალტუბოელებს (12:0) “გაქცევა” გამოუვიდათ.

იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება, თბილისელებმა მატჩის შემოტრიალება სცადეს, რაც ნაწილობრივ გამოუვიდათ. ეს ძირითადათ ტაკუ სამას ხარჯზე მოხდა, რომელმაც მოედანზე თითქმის მთლიანი დრო გაატარა და საბოლოოდ ყველაზე მეტი 26 ქულა მიითვალა.

მეოთხედის ბოლოს ისევ მასპინძლებმა იძალეს და სერგეი ალფოროვის ძალისხმევით - 64:60 დაწინაურდნენ.

შეხვედრის დასკვნითი მეოთხედი წყალტუბოელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ თბილისლები კიდევ უფრო განერვიულდნენ და დაცვაში ზედიზედ რამდენიმე მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს, რაც კარგად გამოიყენეს მასპინძლებმა და მატჩი გამარჯვებამდე უპრობლემოდ მიიყვანეს - 86:69.

ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანები წყალტუბოელთაგან გიორგი კუჭავა და ალექსანდრე რიხლიუკი იყვნენ, რომლებმაც 25-25 ქულა დააგროვეს. რიხლიუკმა თავის მონაგარს 15 მოხსნაც შემატა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.

სტუმართაგან ასევე ორმაგი დუბლით კირილე ტატუნაშვილი და ტაკუ სამა გამოირჩა, რომლებსაც 10-10 მოხსნა დაუგროვდათ.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

ომარ ხვიჩია (,,წყალტუბო“): ,,ჩვენთვის დღევანდელი დღე დაუვიწყარი იქნება. საკუთარ არენაზე პირველი მატჩი გავმართეთ და საკმაოდ ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. ყველანი უზომოდ გახარებულები ვართ“.

არჩილ ჟღენტი (,,კაკტუსი’’): ,,დაცვაში მიუტევებელი შეცდომები დავუშვით და ამიტომ დავმარცხდით. ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას“.

ავტორის ფოტოები

0.207299