2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე სლოვენია, შესაძლოა, ტურნირზე ლიდერ გორან დრაგიჩის გარეშე წარსდგეს.
აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის რაშო ნესტეროვიჩის და ეროვნული გუნდების დირექტორის მატეი ავანზოს აშშ-ში ვიზიტი გვაძლევს, რომლებიც გორანთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუმცა, სასურველი პასუხი ვერ მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ უფროსი დრაგიჩი უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში “ფინიქს სანზის” ღირსებას იცავდა, მიმდინარე წლის თებერვალში კი უმცროს ძმა ზორანთან ერთად, “მაიმი ჰითში” აღმოჩნდა. ამას, გორანის ჩინებულ სტატისტიკაზე გავლენა არ მოუხდენია. სლოვენიელი უკანახაზელი ფლორიდულ კლუბშიც სასტარტო ხუთეულის წევრია, სეზონში მისი საშუალო მონაგარი კი 16.4 ქულა, 3.5 მოხსნა და 4.4 პასია.
და რა შეიძლება გახდეს გორანის უარის მიზეზი? პირველი ის, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ის თავისუფალი აგენტი ხდება და ყველაფერს გააკეთებს, რათა მისთვის სასურველი მაქსიმალური კონტრაქტი მიიღოს. მეორეც, აგვისტოს მიწურულს, ევრობასკეტის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, უფროსი დრაგიჩი და მისი მეუღლე მე-2 შვილს ელოდებიან და დიდი შანსია, კალათბურთელმა იმ დღეებში ოჯახში ყოფნა მოისურვოს.
“გორანს ეროვნული ნაკრების შესახებ კარგა ხანს ვესაუბრეთ, თუმცა, კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ის პროფესიოლი მოთამაშეა, თუმცა, არის მომენტები, როდესაც პირველ პლანზე პირადული მიზეზები დგება და მათი გაუთვალისწინებლობა არ იქნება. როდესაც სეზონი დასრულდება, გორანი სლოვენიაში დაბრუნდება და მას კიდევ ერთხელ შევხვდებით”, - განაცხადა ნესტეროვიჩმა.
ცნობისთვის, 2013 წელს სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გორან დრაგიჩმა საქართველოს ნაკრებს 11 ქულა ჩაუგდო, სრულიად ტურნირზე კი მისი საშუალო მონაგარი კი 10.6 ქულა და 5.3 მოხსნა გახლდათ. მცირე ხანში გორანი ნაკრებისთვის კიდევ უფრო საჭირო მოთამაშე გახდა და გასული წლის მსოფლიო პირველობაზე საშუალოდ 16.0 ქულას, 2.9 მოხსნა და 4.3 პასს აგროვებდა.
თუკი სლოვენიის ეროვნული გუნდის ლიდერი ხორვატიაში მართლაც არ ჩავიდა, მეტი სათამაშო დრო მიეცემა მის უმცროს ძმა ზორანს, რომელმაც ნბა-ში ფეხი ვერაფრით მოიკიდა. მას მოედანზე გასვლა პრაქტიკულად არ უწევს, ამდენად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ამასწინათ ფლორიდელებმა სლოვენიელი მცველი დ-ლიგის ბინადარ “სიუქს ფოლსში” გაანათხოვრეს.
“ზორანმა გვითხრა, რომ სანაკრებო სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელის. მას საკმაოდ უცნაური პერიოდი უდგას, თამაში მცირე ხანს უწევს, ამდემად, ერთი სული აქვს, ბოლომდე როდის დაიხარჯება”, - დასძინა ნესტეროვიჩმა.
აქვე ვთქვათ, რომ ამერიკული ვოიაჟის დროს სლოვენიური დელეგაცია არ შეხვედრია “მემფის “გრიზლისის” მცველ ბენო უდრიჰს. 32 წლის კალათბურთელს არც გასულ ევრობასკეტზე უთამაშია და სლოვენიელთა მთავარმა მწვრთნელმა იურე ზდოვცმა აქედანვე განაცხადა, რომ უდრიჰის გამოძახებას არც მომავალი ტურნირისთვის აპირებს. მიმდინარე სეზონში ბენოს საშუალო მაჩვენებლები ასეთია: 18.5 წუთი, 7.4 ქულა, 1.8 მოხსნა და 2.9 პასი.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 5-20 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი, პირველად ისტორიაში ოთხ ქვეყანაში – საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ხორვატია – ჩატარდება.
საქართველოს და სლოვენიის ნაკრებები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამწესებულ C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მასპინძელთა გარდა, მეტოქეებად საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდია ეყოლებათ. ქართულს-სლოვენიური დაპირისპირება 6 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი.